თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. დედაქალაქის საჯარო ბაგა-ბაღების მასწავლებლებისთვის 2019 წელს ხელფასის გაზრდა არ იგეგმება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი თბილისის საკრებულოს საფინანასო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ზარქუას განცხადებაზე დაყრდნობით.
დეპუტატმა დღეს გამართულ ბრიფინგზე 2019 წლის დედაქალაქის ბიუჯეტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკრებულოს ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო ბაღის მასწავლებლების ხელფასის ზრდა, თუმცა ამ ეტაპზე ეს ვერ ხერხდება.
„ჩვენ ვცდილობდით, რომ ბაღის მასწავლებლებისთვის ხელფასები გაგვეზარდა, თუმცა ამ ეტაპისთვის ვერ მოხერხდა, რადგან ხარჯების ზღვარს ვერ გადავაჭარბებთ. სამწუხაროდ, ამ ეტაპისთვის ამ მოცემულობის მძევლები ვართ", – განაცხადა ზარქუამ.
თბილისში 180 საჯარო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც დაახლოებით 10 ათასი ადამიანია დასაქმებული, მათ შორის დირექტორი, მოადგილე, აღმზრდელი, აღმზრდელის თანაშემწე, მზარეული და ა.შ. ამჟამად საბავშვო ბაღის თანამშრომელთა ხელფასის ქვედა ზღვარი 220-ს, ხოლო ზედა ზღვარი 1000 ლარს არ აღემატება.
დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი, რომელიც პირველ ვარიანტთან შედარებით 56 მლნ ლარით არის გაზრდილი, თბილისის საკრებულოში დღეს შევიდა. დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის თანახმად, ბიუჯეტის მოცულობა 921 მლნ ლარია, რომელსაც ცენტრალური ბიუჯეტიდან სპეცტრანსფერიც დაემატება და საერთო ჯამში 2019 წლის ბიუჯეტი მილიარდ ლარზე მეტი იქნება.
თბილისის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პირველი ვარიანტი საკრებულომ შენიშვნებთან ერთად მერიას ნოემბერში დაუბრუნა.