სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

სომხეთში პარლამენტს ირჩევენ: საკანონმდებლო ორგანოს მანდატებზე 11 პოლიტიკური ძალა იბრძვის
Sputnik

თბილისი, 9 დეკემბერი - Sputnik. სომხეთში ეროვნული კრების არჩევნები დაიწყო. ეს პირველი არჩვენებია, რომელიც ქვეყანაში მომხდარი რევოლუციის შემდეგ ტარდება.

საკანონმდებლო ორგანოს მანდატებზე 11 პოლიტიკური ძალა იბრძვის - 9 პარტია და 2 ბლოკი. მოქმედი ხელისუფლება გამარჯვების შემთხვევაში პირდება ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანოს „ხავერდოვანი რევოლუცია“ და ეკონომიკური რევოლუცია განახორციელოს, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.

ფაშინიანის კარტ-ბლანში თუ ძალების ბალანსი - სომხეთი არჩევნებისთვის ემზადება

რესპუბლიკის 13 ოლქში 2010 საარჩევნო უბანი გაიხსნა, აქედან 12 - საპატიმროებში. 1500 უბანზე დაიდგა ვიდეოკამერები, რომლებიც პირდაპირი ტრანსლაციის საშუალებას იძლევიან. ამ უბნებზე ხმას მისცემს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 89%. საარჩევნო სიებში სულ 2,57 მილიონი ადამიანია.

არჩევნებს დააკვირდება 23 ათასი ადგილობრივი და 500-ზე მეტი უცხოელი დამკვირვებელი რვა ორგანიზაციიდან, მათ შორის ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ბიურო, დსთ-ის საპარლამენტო ასამბლეა და ევროპის საბჭოსა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა. დარეგისტრირდა 70 ადგილობრივი და 32 უცხოური მედია-საშუალება.

ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, ამომრჩეველთა უმრავლესობის ხმების მქონე პოლიტიკური ძალა ჩამოაყალიბებს მთავრობას და აირჩევს პრემიერ-მინისტრს, რომლის ხელში ძალაუფლების ძირითადი ბერკეტები იქნება თავმოყრილი.

პრემიერის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანისა და მისი ბლოკის „ჩემი ნაბიჯი“ სახით წარმოდგენილი ხელისუფლების მაღალი რეიტინგის გამო ექსპერტები მმართველი ძალის წარმატებაში დარწმუნებულნი არიან. ინტრიგა სხვა რამეშია - ვის შეხვდება საპატიო მეორე ადგილი. პირველსა და მეორე ადგილებს შორის სხვაობა, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი იქნება, თუმცა მეორე პოზიციისათვის ნიკოლ ფაშინიანის გუშინდელი თანამოაზრეების და მოქმედი ოპონენტების გრძელი რიგი დგას.

არჩევნები თუ მაიდანი: ფაშინიანი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მომხრეა

მეორე ადგილზე პრეტენზიას აცხადებს გუშინდელი მმართველი „რესპუბლიკური პარტია“, რომელიც სომხეთში ძირითად ოპოზიციურ ძალას წარმოადგენს.

მეორე ადგილს ასევე უწინასწარმეტყველებენ „აყვავებულ სომხეთს“, რომელსაც მსხვილი მეწარმე გაგიკ ცარუკიანი ხელმძღვანელობს.

სომხეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მკაცრად აღიკვეთება მოსყიდვისა და გაყალბების ნებისმიერი მცდელობა.