პრემიერ-მინისტრი: სუმოისტმა გორგაძემ საქართველოსა და იაპონიის ხალხები დააახლოვა

მამუკა ბახტაძემ იაპონიას საქართველოს ერთგული და საიმედო პარტნიორი უწოდა.
Sputnik

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობის მეთაურმა მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ქართველ სუმოისტ ლევან გორგაძეს, რომელიც იაპონიაში ტოჩინოშინის სახელით გამოდის, დიდი წვლილი მიუძღვის ქართველი და იაპონელი ხალხების დაახლოებაში.

ბახტაძე გუშინ მონაწილეობდა თბილისში გამართულ ღონისძიებაში, რომელიც იაპონიის იმპერატორის დაბადების დღეს მიეძღვნა, ნათქვამია მთავრობის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

„არ შემიძლია, განსაკუთრებული სიამაყით არ გამოვარჩიო პირველი ქართველი ოძეკის ტოჩინოშინის 2018 წლის მიღწევები, რამაც კიდევ უფრო დააახლოვა ჩვენი ორი ერი. ტოჩინოშინის წარმატებამ საქართველოს მიმართ იაპონელების მაღალი დაინტერესება და პატივისცემა გამოიწვია, საქართველოსთვის კი უფრო ახლობელი გახდა იაპონია. ამ მაგალითით თვალსაჩინოა, თუ რამხელა მნიშვნელობას ატარებს თითოეული ადამიანის წვლილი ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებაში", – განაცხადა ბახტაძემ.

მიღებაზე მიწვეული იყვნენ საქართველოს მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ჟურნალისტები.

ტოჩინოშინს სეზონის შედეგების მიხედვით სპეციალური პრიზი გადაეცა

„გასულ წელს ჩვენ აღვნიშნეთ საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წლისთავი. სასიხარულოა, რომ ამ შედარებით ხანმოკლე პერიოდში ჩვენ შევძელით მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგების მიღწევა. დარწმუნებული ვარ, რომ არსებული მეგობრული და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა კვლავაც გაღრმავდება ყველა მიმართულებით", – განაცხადა ბახტაძემ.

მან ასევე აღნიშნა თანამშრომლობის განვითარება სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ, საგანმანათლებლო და ტურისტულ სფეროებში.

„წარმატებით ჩავატარეთ უმნიშვნელოვანესი მოლაპარაკებები „ორმხრივ საინვესტიციო შეთანხმებასთან" დაკავშირებით, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ახალ დონეზე გადაიყვანს ჩვენ სავაჭრო ურთიერთობებს", – აღნიშნა პრემიერმა.

ბახტაძემ განსაკუთრებულად მნიშვნელოვან მოვლენად 2018 წელს იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ტარო კონოს ვიზიტი დაასახელა.

საქართველომ და იაპონიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის აგვისტოში დაამყარეს.

ამჟამად საქართველოს მოქალაქეებს იაპონიაში სტუმრობისთვის ესაჭიროებათ ვიზა. იაპონელებს, თავის მხრივ, საქართველოში ჩამოსვლა და აქ ერთი წლის განმავლობაში ყოფნა უვიზოდ შეუძლიათ.

იაპონია საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს ამარტივებს>>

იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქემ იაპონიის ვიზა მიიღოს, სხვა დოკუმენტებთან ერთად, მან აუცილებლად უნდა წარადგინოს მოსაწვევი თბილისში იაპონიის საელჩოს საკონსულო სამსახურში.