ზალკალიანი: საქართველო რუსეთთან 2011 წლის შეთანხმებას პირნათლად ასრულებს

დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის შეთანხმების რეალიზაციის გზაზე პროგრესი შეინიშნება.
Sputnik

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. საქართველო რუსეთთან საზღვარზე, მათ შორის ოფიციალური თბილისის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე საქონელბრუნვის მონიტორინგზე შეთანხმებით გათვალისწინებულ ყველა ვალდებულებას ასრულებს, განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პირველი არხის ეთერში.

რუსეთი: საქართველოსთან საზღვარზე საქონლის მონიტორინგის საკითხში წინსვლა შეინიშნება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ აღნიშნა, რომ წინსვლა შეინიშნება 2011 წლის შეთანხმების პრაქტიკული რეალიზების საქმეში და რომ საქართველომ კომპანია SGS-ს გადაუხადა თანხა საქონლის გადაადგილების მონიტორინგისთვის, რასაც 2011 წლის ქართულ-რუსული შეთანხმება ითვალისწინებს.

კომპანია SGS-მა უნდა გააკონტროლოს ტვირთების ნაკადი ქართულ-რუსულ საზღვარზე, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე – მდინარე ფსოუზე და რიკოთის გვირაბის გავლით.

„საქართველო არის თანმიმდევრული მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან დაკავშირებით, მათ შორის, რუსეთთან 2011 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით... ერთ-ერთი ვალდებულებაა ფინანსური კონტრიბუცია შვეიცარული კომპანიის მიმართ. საქართველო პირნათლად ასრულებს ამ ვალდებულებას", – განაცხადა ზალკალიანმა.

ამგვარად, 2018 წლის 30 ნოემბერს დაიწყო სამთვიანი ტექნიკური მოსამზადებელი პერიოდი, რომლის დასრულების შემდეგ შვეიცარიული კომპანია მონიტორინგს განახორციელებს სამ ქართულ და სამ რუსულ საბაჟო ტერმინალზე, განმარტეს რუსეთის საგარეო უწყებაში.

რუსეთის საგარეო უწყება: საქართველოსთან ურთიერთობებში პოზიტივი დაგროვდა>>

ტვირთების საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმების შესახებ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი მას შემდეგ გახდა, როდესაც 2011 წელს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის შესვლაზე ვეტო მოხსნა, მხოლოდ იმ პირობით, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე გაივლის სავაჭრო დერეფნები რუსეთიდან საქართველოში, ხოლო მხარეები მოიწვევენ საერთაშორისო შუამავლებს, რომლებიც გააკონტროლებენ ტვირთების ნაკადს და მათ მარკირებას განახორციელებენ.