რაში იღებდა ქრთამს მეტროპოლიტენის პოლიციის თანამშრომელი 

Sputnik

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. გენერალურმა ინსპექციამ   მეტროპოლიტენის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი 1984 წელს დაბადებული ნ.შ. ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.

„სააფთიაქო ნარკომანია": რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე დააკავეს

გამოძიების ინფორმაციით, თბილისის ერთ-ერთ მეტროსადგურში მოქალაქე კ.მ გარკვეული თანხის სანაცვლოდ, საკუთარი სამგზავრო ბარათის გამოყენებით, ტურნიკეტის გავლით, უკანონოდ ატარებდა მოქალაქეებს, რომლებსაც საკუთარი სამგზავრო ბარათი არ გააჩნდათ. ამ დარღვევის შესახებ ცნობილი გახდა მეტროპოლიტენის საპატრულო პოლიციის თანამშრომლისთვის, რომელმაც მას მფარველობის სანაცვლოდ ქრთამის სახით ყოველ მორიგეობაზე გარკვეული თანხის გადახდა მოსთხოვა.

მეტროთი ერთჯერადი მგზავრობის ღირებულება 50 თეთრს შეადგენს. ელექტრონული ბარათით სარგებლობის შემთხვევაში კი  პირველი მგზავრობის საფასურის – 50 თეთრი გადაიხდის შემდეგ საათნახევრის განმავლობაში მგზავრობა უფასოა. ამას გარდა მუნიციპალურ ტრანსპორტში მოქმედებს შეღავათიანი და უფასო ტარიფები სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე პირთათვის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ნ.შ. მეტროსადგურ ვარკეთილში მორიგი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 6-იდან 9 წლამდე.