Mercedes-Benz-მა თბილისში ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია გახსნა

ლაბორატორიის თანამშრომლები და სტუდენტები უცხოურ კომპანიებთან ურთიერთობას შეძლებენ.
Sputnik

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. თბილისის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია გაიხსნა, რომელშიც მომავლის ტექნოლოგიებს დანერგავენ კომპანია Mercedes-Benz-ის დახმარებით, აცნობეს „Sputnik-საქართველოს" BTU-ს პრეს-სამსახურში.

ლაბორატორია განათლების სისტემაში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირების პროექტებზე იმუშავებს. უნივერსიტეტის სტუდენტებს წამყვან IT-კომპანიებთან თანამშრომლობის შესაძლებლობა გაუჩნდებათ.

ქართველ მეცნიერებს მსოფლიო არენაზე დაეხმარებიან

ლაბორატორიის სპეციალისტები ითანამშრომლებენ დიდ საერთაშორისო პარტნიორებთან ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება, ტურიზმი, მარკეტინგი, ინჟინერია და სხვ.

კომპანია Mercedes-Benz-ის ინოვაციური კვლევითი ლაბორატორიები მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებშია განთავსებული. როგორც BTU-ში აღნიშნავენ, ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიის თბილისში გახსნა – ეს უმაღლესი სასწავლებლის კორპორატიულ სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია.

ხელოვნური ინტელექტი მსოფლიოში ყველაზე განვითარებადი ტექნოლოგიაა, რომელიც ნებისმიერ ინდუსტრიაში ეტაპობრივად ინტეგრირდება. ეს პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში სამრეწველო ეკოსისტემების ჩამოყალიბებას, აღნიშნავენ უნივერსიტეტში.