საქართველოს წლის დასაწყისიდან რეკორდული რაოდენობის ტურისტი ეწვია

თუ მთელი გასული წლის შემოსავლები ტურიზმიდან 2,7 მილიარდ დოლარს შეადგენდა, 2018 წლის 11 თვეში ამ მაჩვენებელმა 2,8 მილიარდს გადააჭარბა.
Sputnik

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს იანვარი–ნოემბრის პერიოდში 8,1 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 11%-ით მეტია, განუცხადა ჟურნალისტებს ქვეყნის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.

ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 11 თვეში 4,4 მილიონზე მეტი შეადგინა, რაც 2017 წლის მაჩვენებელზე 17,2%-ით მეტია.

„2018 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 8 მილიონს გადააჭარბა. ეს ახალი რეკორდია, რადგან 2017 წლის ჯამური მაჩვენებელი 7 900 ათასი იყო. მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში ტურისტების რაოდენობა 17.2 პროცენტით გაიზარდა. განსაკუთრებით მოხარული ვართ, რომ ყველაზე დიდი პროცენტული ზრდა ფიქსირდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, სადაც ჩვენ, როგორც მიზნობრივ ბაზრებზე, ყველაზე დიდ აქცენტებს ვახორციელებთ", – განაცხადა ჩოგოვაძემ.

ყველაზე მეტი – 1,3 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი იანვარი-ნოემბრის პერიოდში დაფიქსირდა რუსეთიდან, რაც 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 23,8%-ით მეტია.

პირველი ხუთეული რაოდენობის მხრივ - 2018 წლის იანვარი-ნოემბერი

ქვეყანა ტურისტების რაოდენობა ცვლილება - %
რუსეთი1 341 12723,8
აზერბაიჯანი1 311 9079,8
სომხეთი1 162 220-0,3
თურქეთი1 031 14711,6
ირანი278 8023,3

 

ამ პერიოდში განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა კორეის რესპუბლიკიდან (+117%), ჩინეთიდან (+80%), ბელარუსიდან (+43%), ისრაელიდან (+33%) და ყაზახეთიდან (+24%).

საქართველოს ნოემბერში ნახევარ მილიონზე მეტი უცხოელი ეწვია

ყველაზე მეტად უცხოელები ქვეყანაში სახმელეთო და საჰაერო ტრანსპორტით შემოდიან.

წინასწარი მონაცემებით, იანვარ-ნოემბერში შემოსავლებმა ტურიზმიდან 2,8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა +19,9%), რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 468 მილიონით მეტია.

ტურიზმის წილმა ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) მიმდინარე წლის I-II კვარტალში 7,1% შეადგინა (ზრდა +17,2%).

ტურიზმის სფერო საქართველოში აქტიურად ვითარდება, რაც სტატისტიკურ მონაცემებზე აისახება. ყოველწლიურად ქვეყანაში შენდება ახალი სასტუმროები, ტარდება კვების ობიექტების ხარისხის შემოწმება, ასწავლიან მომსახურე პერსონალსა და გიდებს.