პრეზიდენტის ინაუგურაციის ჩატარებას საფრთხე ემუქრება?

საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შემდგომ, ახალ პოლიტიკურ პროცესს ჩაეყარა საფუძველი. გაერთიანებული ოპოზიცია ულტიმატუმს უყენებს ხელისუფლებას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.
Sputnik

პრეზიდენტის ინაუგურაციის ჩატარებას საფრთხე ემუქრება. ახალი სცენარი იწერება, რომელიც ქვეყანაში დესტაბილიზაციის აჩრდილს უხმობს. ევროპაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი იქიდან ბაქიბუქობს და მზად არის, ნებისმიერ დროს გაჩნდეს საქართველოში.

მართალია ეს ცოტა რთული იქნება, მაგრამ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ სააკაშვილი ერთ მშვენიერ დღეს რომელიმე მეზობელი ქვეყნის საზღვართან ახლოს მოგვევლინოს და რევოლუციური გზით დააპიროს ქვეყანაში შემოჭრა.

თუმცა არის მეორე სცენარიც, რომელიც, უფრო რეალურია, რომ განვითარდეს.

კობახიძე: ხელისუფლების გეგმაშია მომზადება ინაუგურაციისთვის და 2020 წლის არჩევნებისთვის

ოპოზიციამ ორი კვირის ვადა მისცა ხელისუფლებას, რომელიც სწორედ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის წინა დღეს იწურება. რა თქმა უნდა, ძნელი წარმოსადგენია, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციის მოთხოვნები ამ პერიოდისათვის შეისმინოს, მიუხედავად იმისა, რომ მათ, პრინციპში, არ უნდა ჰქონდეთ დიდი წინააღმდეგობა. თუმცა, გათვლა უფრო პრეზიდენტის ინაუგურაციის უკავშირდება, რადგან 16 დეკემბერს ოპოზიცია საზოგადოებას მობილიზაციისააკენ მოუწოდებს, რომ კვლავ პარლამენტის წინ მოიყაროს თავი. ძნელი მისახვედრი არაა, რომ ოპოზიცია ყველა მეთოდის გამოყენებით ეცდება, ეს ინაუგურაცია ჩაშალოს ან სულ მცირე, ჩრდილი მიაყენოს მას.

საპროტესტო აქციაზე თბილისში პოლიცია წესრიგს დაიცავს

ოპოზიციის მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და ამ არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადაყვანაა. გაერთიანებული ოპოზიცია არალეგიტიმურად მიიჩნევს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს და მის ბათილად ცნობას მოითხოვს, რასაც სასამართლოში გაასაჩივრებს კიდეც.

ბოლო პერიოდში საზოგადოება ძალიან პოლარიზებული გახდა. გახშირდა ურთიერთზიზღი და ისევ ახლოს ვართ 90-იანი წლებში დაბრუნების რეალობასთან. სამოქალაქო დაპირისპირება არ მოუტანს ჩვენს ქვეყანას სასურველ შედეგს და აქ როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას მართებს ძალიან გონივრულად განსაზღვროს, რა შეიძლება მოჰყვეს თბილისი ისევ კარვების ქალაქად გადაქცევას...

რა გეგმები აქვს საქართველოს ახალ პრეზიდენტს

შეიძლება სააკაშვილის გეგმაში იყოს, რომ ერთ მშვენიერ დღეს, რევოლუციურად შემოგვეჭრას, როგორც ეს უკრაინაში მოხდა, თუმცა ეს ქარიზმატული გეგმა შეიძლება არც განხორციელდეს, რადგან ის მაინც ელოდება, რომ ქართული საზოგადოება მას დაუძახებს...

უხმობს თუ არა ექსპრეზიდენტს საზოგადოება, ამას შემდგომში ვნახავთ, მაგრამ ეხლა სასურველი იქნებოდა, რომ ხელისუფლება წავიდეს თუნდაც იმ ტიპის დათმობაზე, რაც არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას უკავშირდება. ხელისუფლებას, რომელმაც ხარვეზებით ჩაატარა საპრეზიდენტო არჩევნები, აქვს შანსი ამით პოზიტივი შექმნას ევროპის თვალში და პრინციპში ეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მას ხელს უნდა აძლევდეს. სხვა შემთხვევაში, ძნელი წარმოსადგენი არ არის, თუ როგორ ფონზე ჩაივლის ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია, რომლის არჩევასაც ოპოზიცია არ ცნობს.

თუ დღევანდელ მოცემულობას გადავხედავთ, მმართველი ძალა რთული არჩევანის წინაშე დგას. სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობისათვის ბიძინა ივანიშვილმა საპირწონედ ბევრი რამ დადო და პირველ რიგში საზოგადოებიდან მიღებული ბოლო მანდატი, რაც წინასაარჩევნოდ აღებული ვალდებულებების შესრულებას გულისხმობს.

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!