თბილისი, 2 დეკემბერი - Sputnik. ხშირია შემთხვევა, როცა მეხანძრე-მაშველები ზიანდებიან და სიცოცხლეს სწირავენ, მინდა, შევთხოვო უფალს, დაგეხმაროთ, განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში მეხანძრე-მაშველების დალოცვისას.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამების საკათედრო ტაძარში წირვაზე დასასწრებად საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 700 მეხანძრე-მაშველი ჩამოვიდა.
„არასდროს უნდა დავკარგოთ იმედი. იმედი ეს არის მომავლის იმედი. დიდება და მადლობა უფალს, რომ ეკლესია გვაძლევს იმედს...ასეთი იმედის მომცემნი ჩვენი მეხანძრეები არიან, რომლებიც ჩვენთან ერთად დღეს წირვას ესწრებიან. წმინდა გიორგი იყოს თქვენი მფარველი. წმინდა გიორგი დაგეხმარებათ თქვენ. ხშირი შემთხვევაა, როცა მეხანძრეები თვითონ ზიანდებიან, სიცოცხლეს სწირავენ. მე მინდა, შევთხოვო უფალს, დაგეხმაროთ. უფალმა დალოცოს ერი ჩვენი მშვიდობით“, – განაცხადა ილია მეორემ.
პატრიარქმა მეხანძრე-მაშველებს საჩუქრად წმინდა გიორგის ხატები გადასცა.
რამდენიმე წლის წინ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მეხანძრე-მაშველებს წმინდა გიორგის ლეგიონის წოდება მიანიჭა.