სირიაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა

პანკისის ხეობის მკვიდრის ადამ გუმაშვილის დაღუპვის ფაქტს მისი ახლობლები ადასტურებენ
Sputnik

თბილისი,  30 ნოემბერი  — Sputnik.  სირიაში პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოს მკვიდრი, 44 წლის ადამ გუმაშვილი, რომელიც  „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდა, დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
გუმაშვილის დაღუპვის ფაქტს  თანასოფლელები და ოჯახის წევრები ადასტურებენ, თუმცა, მიზეზი არ იციან.

სასამართლომ ტერორისტ ჩატაევის კიდევ ორ თანამზრახველს განაჩენი გამოუტანა>>>

გუმაშვილის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოში“ დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, ჯერ კიდევ 2017 წლის ნოემბერში გავრცელდა, როდესაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა  თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ჩაატარა. მაშინ ვარაუდობდნენ, რომ იგი ლიკვიდირებულ ტერორისტებს შორის იყო, თუმცა, ფაქტი  არ დადასტურდა. 

სირიაში თარხან ბათირაშვილის ძმა დაიღუპა

2017 წლის 21–22 ნოემბრის სპეცოპერაცია  იბრაჰიმ ადაშევისა  და ასლანბეგ სოლტახმადოვის ლიკვიდაციით დასრულდა, ხოლო ახმედ ჩატაევმა კი თავი აიფეთქა. ანტიტერორისტული ოპერაციის მსვლელობისას სამართალდამცველებმა შეძლეს შოაიპ ბორზიევის ცოცხლად აყვანა. ტერორიზმში ბრალდებულები თითქმის ერთი დღე–ღამის განმავლობაში წინააღმდეგობას უწევდნენ სპეცდანიშნულების რაზმს, ისროდნენ იმ სახლის ფანჯრებიდან, სადაც ისინი იყვნენ გამაგრებული.

სუს–ის ბოლო მონაცემების თანახმად, სირიასა და ერაყში სხვადასხვა ტერორისტული ორგანიზაციების რიგებში საქართველოს დაახლოებით 30 მოქალაქე იბრძვის. გასულ წელს სპეცსამსახურებმა საქართველოში მათი დაბრუნების ვერცერთი ფაქტი ვერ გამოავლინა.