რომელ ქვეყანაში განახორციელებს ზურაბიშვილი პირველ ვიზიტს

სამუშაო ადგილი, გამარჯვების შემდგომი შეგრძნება და მომავალი ცვლილებები - სალომე ზურაბიშვილმა მომავალი გეგმების შესახებ ისაუბრა
Sputnik

თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტი მან ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში უნდა განახორციელოს.

არჩევნების შედეგებით, მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა ზურაბიშვილმა ხმების 59,52%, მისმა კონკურენტმა ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" გრიგოლ ვაშაძემ კი 40,48% მიიღო. ერთ-ერთმა პირველმა ზურაბიშვილს გამარჯვება ლიეტუვას პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ მიულოცა.

ზურაბიშვილს - თაიგული, „ნაცებს“ – „ვენოკი“: ქართული ელიტის რეაქცია არჩევნებზე

„არავისთვის იქნება გასაკვირი, რომ ჩემი პირველი ვიზიტი იქნება ევროპაში, კერძოდ, ბრიუსელი, ბერლინი, პარიზი და ბალტიისპირეთის ქვეყანა, რომლის ქალმა პრეზიდენტმა პირველმა მომილოცა გაპრეზიდენტება გუშინ ღამით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

მან ასევე ისაუბრა ორი მიმართულების შესახებ, რომელსაც ის პრეზიდენტის პოსტზე საკუთარ მისიად მიიჩნევს.

„ჩვენ უნდა შევიდეთ ევროკავშირში. იმედი მაქვს ეს 6 წელი იქნება ის ვადა, რომელიც ამის საშუალებას მოგვცემს და მე ამაზე ვიმუშავებ პირველ რიგში. ასევე უნდა შეიცვალოს ის, რომ საზოგადოება დამშვიდდეს, დაწყნარდეს. მოლოდინი ამ კუთხით არის ძალიან დიდი. ეს არის ორი მისია, რომლის მიმართ მე ვგრძნობ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილი უცხოელი ლიდერების მილოცვებს იღებს. მას გამარჯვება უკვე მიულოცეს უკრაინის, საფრანგეთის და ბელარუსის პრეზიდენტებმა.

საქართველოს პირველი ქალი-პრეზიდენტი: ზურაბიშვილის ბიოგრაფია >>

აღსანიშნავია, რომ ზურაბიშვილის წინამორბედებმა მიხეილ სააკაშვილმა და გიორგი მარგველაშვილმა პირველი ვიზიტები შესაბამისად მოსკოვსა და ერევანში განახორციელეს.

რატომ გაიმარჯვა

„მე რას ველოდი აღარ ვიცი, მაგრამ იყო საზოგადოებაში მზადყოფნა წავიდეთ წინ, არ დავბრუნდეთ წარსულში. მე რაღაც ფორმით წარმოვადგენ ახალ საქართველოს. ქალი პრეზიდენტი - ეს არის ძალიან დიდი სიახლე“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილს სურს მთელ მსოფლიოს მაგალითი მისცეს

მისი თქმით, ქვეყანა ამით მომავალში იამაყებს და მზად არის ურთიერთობების უფრო ცივილიზებულ ფორმაზე გადავიდეს.

„ქვეყანა მზად არის გადავიდეს ცივილურ ფორმატზე. ამაშიც არის ის მაგალითი, რაც მე მივეცი კამპანიის დროს, რომ ჩვენ შეიძლება სხვანაირად მოვექცეთ ერთმანეთს, მეტი მოთმინებით, მეტი ურთიერთპატივისცემით. ესეც არის წყურვილი, რომელიც არსებობს საზოგადოებაში“, - ხაზგასმით აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილმა მადლობა გადაიხადა ნდობის მანდატისთვის, რომელიც მას ხალხმა აქტიურობითა და მხარდაჭერით მიანიჭა.

„მზად ვართ ზურაბიშვილთან მუშაობისთვის" - საფრანგეთი საქართველოს მომავალ პრეზიდენტს ულოცავს >>

„ვგრძნობ, ძალიან დიდი პასუხისმგებლობას, რადგან ეს ნდობა მოცემული არის ექვსი წლით და ამ ექვს წელიწადში ძალიან ბევრი რამე უნდა მოხდეს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

სად განთავსდება რეზიდენცია

ზურაბიშვილის თქმით, ის თბილისის ცენტრში მდებარე ორბელიანების სასახლეში იმუშავებს.

„ჩემი ოჯახი, წინაპრები ბარათაშვილები, ორბელიანები იყვნენ, ამიტომ ორბელიანების სასახლე ჩემთვის არის სრულიად მისაღები. თუ ჩვენ გვინდა ევროპულობა, ბევრად უფრო ევროპული ყაიდის სასახლეა, ვიდრე ავლაბრის სასახლის მასშტაბური შენობა, რომელიც სხვა რაღაცებს მაგონებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მაგრამ, მისი თქმით, მან არ იცის, რა მდგომარეობაშია ახლა რეზიდენცია.

„შენობა ექვსი წელი ცარიელი იყო და ამით არ დავინტერესებულვარ. ამ დღეებში გავიგებ, რა სიტუაცია არის და როდის შეიძლება იქ შესვლა და მუშაობა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

სამუშაო ადგილს მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც შენ პრეზიდენტი ხარ, რომელიც აქტიურად იმუშავებს რეგიონებში და უცხოეთში, აღნიშნა მან.

საქართველოს პრეზიდენტისთვის მოწყობილი ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენცია ექსპლუატაციაში 2015 წლის აპრილში ჩაბარდა. თუმცა სახელმწიფოს მეთაურმა გიორგი მარგველაშვილმა დარჩენა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს აშენებულ რეზიდენციაში ისურვა.