არასამთავრობო ორგანიზაციების პირველი შეფასებები - როგორ ჩატარდა არჩევნები

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" შეაფასა.
Sputnik

თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. ქართულმა ავტორიტეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლებმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით ათობით საჩივარი დაწერეს, თუმცა, არჩევნები მთლიანობაში დადებითად შეაფასეს.

არჩევნები საქართველოში, ისევე როგორც უცხოეთში, სადაც 39 ქვეყანაში იყო გახსნილი საარჩევნო უბნები, გუშინ, 28 ნოემბერს ჩატარდა. კენჭისყრის შედეგებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახდება (59,56%), რომელსაც მხარს მმართველი გუდი უჭერდა. მისმა კონკურენტმა, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გრიგოლ ვაშაძემ კი ხმების 40,48% აიღო.

საქართველოს პირველი ქალი-პრეზიდენტი: ზურაბიშვილის ბიოგრაფია>>>

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" შეფასებით, არჩევნების დღემ მთლიანობაში მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა დაფიქსირებული იყო არსებითი დარღვევები და სხვა მნიშვნელოვანი ტენდენციები: სავარაუდო გაყალბების ფაქტები, ამომრჩევლის მოსყიდვა და დაშინება", - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

დამკვირვებლებმა არჩევნების ძირითადი პრინციპების, კონკრეტულად კი ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ცალკეული შემთხვევები და ამომრჩევლის ნების კონტროლის ფაქტები დააფიქსირეს.

მარგველაშვილი: ვულოცავ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს

„ცალკეულ უბნებზე საიას დამკვირვებლებს შეეზღუდათ დამკვირვებლის უფლებების განხორციელების შესაძლებლობა, დაფიქსირდა საიას დამკვირვებლების მიმართ აგრესიის და ფიზიკური შეურაცხყოფის მუქარის ფაქტები, როგორც ხმის მიცემის პროცესში, ასევე შედეგების შეჯამებისას", - აღნიშნულია განცხადებაში.

„ახალგაზრდა იურისტებმა" არჩევნების დროს 78 საჩივარი დაწერეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" ხმის დათვლის პროცესი შეაფასა.

„სამართლიანი არჩევნების" მონიტორინგის შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ხმის დათვლის პროცესი უმეტესწილად საარჩევნო პროცედურების დაცვით მიმდინარეობდა. რიგ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა შემაჯამებელი ოქმის შედგენასთან დაკავშირებულ და სხვა პროცედურულ დარღვევებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

„სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლები არჩევნების მეორე ტურს ყველა საარჩევნო უბანზე აკვირდებოდნენ. ორგანიზაციის წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში კენჭისყრის პროცესს 651 საარჩევნო უბანზე აკვირდებოდნენ. გარდა ამისა, კიდევ მუშაობდა 78 მობილური ჯგუფი.

არასამთავრობო ორგანიზაციას უცხოეთში 12 საარჩევნო უბანზე ჰყავდა დამკვირვებლები.

სამართლიანმა არჩევნებმა" საუბნო კომისიებში 53 საჩივარი, ხოლო საოლქო კომისიებში 76 საჩივარი წარადგინა.