საქართველოში არჩევნების ღამეს რამდენიმე ქურდობა მოხდა

28 ნოემბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა
Sputnik

თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. გორში არჩევნების ღამეს სამშობიარო სახლიდან მთავარი ბუღალტრის ლეპტოპი მოიპარეს, რომელშიც დოკუმენტაცია ინახებოდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

„არ ვიცი როგორ და რანაირად მოხდა ყველაფერი. მე მოვედი 11-ის ნახევარზე, დამხვდა ეს მდგომარეობა რასაც უყურებთ. არ ვიცი სხვა არაფერი. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და ვნახოთ რა იქნება. ლეპტოპია მთავარი ბუღალტრის წაღებული, სადაც ინახებოდა საბუღალტრო მასალა. კლინიკისთვის ეს მატერიალურად არაფერი არ არის, მაგრამ დოკუმენტურად დანაკარგია“, - განაცხადა კლინიკის დირექტორმა ჯუმბერ გოგიაშვილმა.

თბილისში „ნიკორას" სადისტრიბუციო ავტომობილი გაქურდეს

სავარაუდოდ, სამშობიარო სახლის შენობაში დამნაშავემ ფანჯრიდან შეაღწია.

გორში იმ ღამეს ელექტროტექნიკის მაღაზიაც გაქურდეს. გამყიდველის ინფორმაციით ქურდებმა 3 000 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონები წაიღეს და გაიქცნენ.

მისვე თქმით, ვიდეოკამერის ჩანაწერებში ჩანს, თუ როგორ შევიდა 5 ადამიანი მაღაზიაში, მათ შორის არასრულწლოვნებიც იყვნენ.

გამყიდველის მტკიცებით, იმავე ღამეს გორში კიდევ 5 ქურდობის ფაქტი მოხდა.

29 ნოემბრის ღამეს ქურდობა მოხდა თბილისშიც.

გმირთა მოედანზე მდებარე შვეიცარიული საათების SWATCH-ის მაღაზიაც გაქურდეს, საიდანაც რამდენიმე ძვირადღირებული საათია წაღებული.

სამივე შემთხვევაზე სისხლის სამართლის საქმე სსკ–ის 177-ე მუხლით არის აღძრული, რაც ქურდობას გულისხმობს.