საქართველოს პრემიერმა ხმა ევროპულ არჩევანს მისცა

დღეს საქართველოს მოსახლეობა ექვსი წლის ვადით რიგით მეხუთე პრეზიდენტს ირჩევს.
Sputnik

თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე, რომელიც საქართველოში ოთხშაბათს, 28 ნოემბერს იმართება, განაცხადა რომ ხმა საქართველოს მშვიდობიან განვითარებას მისცა.

პრემიერი დიდუბის საარჩევნო ოლქის N44 საარჩევნო უბანზე 08:10 საათზე გამოჩნდა.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაიწყო

„დღეს მე გავაკეთე არჩევანი საქართველოს მშვიდობიანი განვითარების სასარგებლოდ, ჩვენი ევროპული არჩევანის სასარგებლოდ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს მოქალაქეებს მივმართო იაქტიურონ, მოვიდნენ უბნებზე, დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, პოზიცია, რომელიც უკეთესია საქართველოს განვითარებისთვის და ჩვენი უკეთესი მომავლისთვის, ჩვენი და ჩვენი შვილებისთვის", - განაცხადა ბახტაძემ.

დღეს საქართველოს მოსახლეობა ექვსი წლის ვადით რიგით მეხუთე პრეზიდენტს ირჩევს. ეს ბოლო არჩევნებია, როდესაც ხელისუფლება სახელმწიფო მეთაურს პირდაპირი წესით აირჩევს. ამის შემდეგ ქვეყანა მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადადის და პრეზიდენტსაც საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

საქართველოს მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება ორ კანდიდატს შორის მოუწევს, მმართველი გუნდის მხარდაჭერილ სალომე ზურაბიშვილს - N 48 და ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრ გრიგოლ ვაშაძეს - N5 - შორის, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატად ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია" დაასახელა.