დამკვირვებლებმა პირველი საჩივრები დაწერეს - საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება

დამკვირვებლების ინტერესს იწვევენ ის ადამიანები, რომლებიც საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აღრიცხვას აწარმოებენ
Sputnik

თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში 10 საჩივარია შესული, განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ. 

ცესკო: ამომრჩეველთა აქტივობამ 12:00 საათისთვის 19,6% შეადგინა

საქართველოს მოქალაქეები ოთხშაბათს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში იღებენ მონაწილეობას. პრეზიდენტის პოსტისთვის ერთმანეთს უპირისპირდებიან ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გრიგოლ ვაშაძე, რომელიც კანდიდატად ოპოზიციურმა გაერთიანებამ "ძალა ერთობაშია" დაასახელა და მმართველო პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი.

დამკვირვებლებმა დილიდანვე დააფიქსირეს რამდენიმე დარღვევის ფაქტი, როდესაც მოქალაქეები, რომლებსაც საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლება აქვთ, ამომრჩეველთა აღრიცხვას ატარებდნენ და მონაცემებს ამუშავებდნენ, მათ შორის, ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებით.

„არჩევნებში ჩართულ ყელა მხარეს შევახსენებთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, კენჭისყრის შენობაში იკრძალება ფოტო და ვიდეოგადაღება ან იმ მონაცემების დამუშავება, რომელიც საჯარო ინფორმაციას არ მიეკუთვნება. მოვუწოდებთ ყველას თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისგან. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ხმის მიცემის პროცედურა ფარულია", - განაცხადა მიქელაძემ.

მისი სიტყვებით, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გურჯაანში ერთ-ერთ უბანზე კომისიის წევრებმა წინასწარ მოაწერეს შემაჯამებელ ოქმს ხელი.

„ჩვენ გადავამოწმეთ აღნიშნული ინფორმაცია და ეს ფაქტი მართლაც დაფიქსირდა არა გურჯაანში, არამედ გარდაბნის №8-ე საარჩევნო უბანზე. კომისიის წევრებმა ოქმზე საკუთარი სახელი და გვარი წინასწარ მიუთითეს. დაწერილია საჩივარი. გარდა ამისა, გარდაბნის საოლქო კომისიამ დროულად მოახდინა რეაგირება და ოქმი საარჩევნო უბნიდან დროულად ამოიღო", - განაცხადა მიქელაძემ.

ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ>>>

გარდა ამისა, ინფორმაცია გავრცელდა იმასთან დაკავშირებით, რომ დიდუბის რაიონში №29-ე სარჩევნო უბნიდან საერთაშორისო დამკვირვებელი გააძევეს.

„აღნიშნული ფაქტი სინამდვილეს არ შეესაბამება. აღნიშნული საერთაშორისო დამკვირვებელი საარჩევნო უბანზე მუშაობას აგრძელებს", - აღნიშნა მიქელაძემ.

საქართველოში პირველად ტარდება პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს პრეზიდენტობის 2 კანდიდატი: გრიგოლ ვაშაძე - №5 და სალომე ზურაბიშვილი - №48 ღებულობს.

სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მმართველი გუნდი „ქართული ოცნება" უჭერს მხარს, 28 ოქტომბერს გამართულ პირველ ტურში ხმების 38,64% მიიღო, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი 37,74%. გამომდინარე იქიდან, რომ პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო 50%-ზე მეტი ხმის მიღება, არჩევნების მეორე ტური დაინიშნა.