თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. დარწმუნებული ვართ, რომ სალომე ზურაბიშვილი იქნება ჩვენი ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
„სალომე ზურაბიშვილმა საფუძველი უნდა ჩაუყაროს ახალ კონსტიტუციურ ტრადიციას. ის უნდა გახდეს ჩვენი ქვეყნის პირველი ზეპარტიული პრეზიდენტი. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მისიას ქალბატონი სალომე საუკეთესოდ შეასრულებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განცხადებით, დღევანდელი არჩევნები არ იყო მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნები, არამედ ეს იყო ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც ამომრჩეველმა კიდევ ერთხელ უთხრა მკაფიო და ხმამაღალი უარი სიცრუეს, სიძულვილსა და ძალადობას და მხარი დაუჭირა იმ პოლიტიკურ ძალას, რომლისთვისაც ადამიანი უზენაესი ღირებულებაა, მისი ღირსების დაცვა კი – უმთავრესი პრიორიტეტია.
„ეს იყო არჩევნები, რომელზეც ამომრჩეველმა კიდევ ერთხელ მოგვანიჭა მანდატი, რათა გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, ეკონომიკის განსავითარებლად, ადამიანების სოციალური დაცვის გარანტიების გასაუმჯობესებლად, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოზიციების გასაძლიერებლად“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისი განცხადებით, მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობით აღჭურვილი პოლიტიკური ძალისთვის არჩევნები არის საკუთარი საქმიანობის ხელახალი შეფასების საუკეთესო საფუძველი.
„ჩვენთვის საგულისხმოა საზოგადოების გზავნილები, რომლებიც ჩვენ ამ არჩევნებში მივიღეთ. საზოგადოებამ დაინახა, რომ ჩვენ ამ გზავნილების ნაწილზე რეაგირება უკვე პირველი ტურის შემდეგ, გასული ერთი თვის განმავლობაშიც კი დავიწყეთ. მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე, თითოეული დღე დაეთმობა ჩვენი საქმიანობის, მმართველობის ეფექტიანობის გაუმჯობესებას. ამ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ჩვენ ხალხის მიერ დღეს გამოცხადებული ნდობა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძემ სალომე ზურაბიშვილს გამარჯვება წინასწარ მიულოცა და მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის.
Edison Research-ის მიერ ტელეკომპანია Rustavi 2-ის დაკვეთით მომზადებული ეგზიტპოლის თანახმად, 17:00 საათისთვის სალომე ზურაბიშვილმა ხმების 55% მოაგროვა, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ - 45%.
საერთაშორისო ასოციაცია Gallup International-ის მიერ ტელეკომპანია Imedi-ს დაკვეთით მომზადებული ეგზიტპოლის თანახმად, კი 18:00 საათისთვის, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 58% მოაგროვა, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ - 42%.
მეორე ტურის გამართვა საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც 28 ოქტომბერს გამართულ არჩევნებში მონაწილე 25 კანდიდატიდან ვერცერთმა ვერ შეძლო არჩევნებში გამარჯვებისთვის საჭირო 50%-ზე მეტი ხმის მიღება. ამჯერად გამარჯვებულად ის კანდიდატი გამოცხადდება, ვინც ხმების მეტ რაოდენობას მოიპოვებს.