ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორია ახალ შენობაში განთავსდა

ლაბორატორიაში შეამოწმებენ არა მხოლოდ ჰაერის და წყლის, არამედ ასევე ნავთობისა და შესაფუთი მასალის ხარისხს
Sputnik

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თბილისში გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიის ახალი შენობა გახსნა, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ეს საქართველოში ერთადერთი ლაბორატორიაა, რომელიც გარემოს მდგომარეობას აკვირდება და მონაცემთა უნიკალური ბაზა აქვს. ლაბორატორია 1960-იანი წლებიდან ფუნქციონირებს.

ლაბორატორიის ახალი შენობა მთლიანად პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს, ის აღჭურვილია თანამედრო დანადგარებით. ლაბორატორია შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს ISO/IEC 17025.

„ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი დონის ლაბორატორია, რათა ამოცანები, რაც სამინისტროს გააჩნია გარემოსდაცვითი პოლიტიკის კუთხით, განხორციელდეს. ლაბორატორიაში დანერგილია ატმოსფერული ჰაერის, ნალექის, მიწისქვეშა წყლების, ზედაპირული და ჩამდინარე წყლების, ასევე ნიადაგის სინჯების ანალიზები. ხორციელდება 300-ზე მეტი პარამეტრის განსაზღვრა", - განაცხადა დავითაშვილმა.

ჰაერის დაბინძურების ძირითადი მიზეზები საქართველოში

მინისტრის განცხადებით, ლაბორატორიაში დაგეგმილია მუშაობის უახლესი მეთოდების დანერგვა სხვადასხვა მიმართულებით, რაც გარემოს არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას დაეხმარება.

ლაბორატორიაში დაინერგება შესაფუთი მასალის ანალიზი, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შემადგენლობის ფიზიკურ-ქიმიური თვისებების განსაზღვრა.

ასევე, ლაბორატორიაში ტყვიისა და გოგირდის შემცველობების აზბესტის ბოჭკოების იდენტიფიცირების მიზნით მთელი რიგი კვლევები განხორციელდება.