ცესკო არჩევნებისთვის მზადაა - უწყებამ გაწეული მუშაობის ანგარიში წარმოადგინა

ცესკო აფრთხილებს ყველა მხარეს, რომ ამომრჩეველზე ზეწოლა აკრძალულია
Sputnik

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩასატარებლად ყველა საარჩევნო უბანი სრულ მზადყოფნაშია, განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 28 ნოემბერს გაიმართება, ორი კანდიდატი მონაწილეობს. მეხუთე ნომრით კენჭს იყრის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია" კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, ხოლო 48 ნომრით - სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მხარს უჭერს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო".

„საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩასატარებლად 3 703 საარჩევნო უბანი სულ მზადყოფნაშია, მათ შორის 55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი... შეგახსენებთ, რომ ხმის მიცემა ფარულია. დაუშვებელია ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე ნებისმიერი სახის კონტროლი. აქვე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საარჩევნო კაბინაში დაუშვებელია ფოტო-ვიდეო გადაღება", - აღნიშნა მიქელაძემ.

მისი განცხადებით, ამომრჩევლის მისაღებად ყველა საარჩევნო უბანი 08:00 საათისთვის იქნება მზად. საარჩევნო ოლქებს უკვე გადაეცათ ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე დაბეჭდილი ბიულეტენები, ასევე ოთხი უბნისთვის დაბეჭდილია სამენოვანი ბიულეტენები (ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხური).

პენიტენციურ დაწესებულებებში 10 საარჩევნო უბანი გაიხსნება

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს საარჩევნო დოკუმენტაციისა და შესაბამისი მასალების უბნებზე გადაცემის პროცესი", - აღნიშნა მიქელაძემ.

ცესკოს მონაცემებით, ამომრჩევლის საერთო რაოდენობაა 3 528 658 ადამიანი. არჩევნებს დააკვირდება დაახლოებით საარჩევნო სუბიექტების 17 ათასი წარმომადგენელი, 48,5 ათასზე მეტი ადგილობრივი და 1,3 ათასი საერთაშორისო დამკვირვებელი. არჩევნებს გააშუქებს მასმედიის დაახლოებით 2,3 ათასი წარმომადგენელი.

„მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ასევე, მივმართავთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ, ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩატარებას და ამომრჩევლის ნების თავისუფლად განხორციელებას", - განაცხადა მიქელაძემ.

არჩევნების დღეს,28 ნოემბერს ცესკოს მედია-ცენტრი უწყვეტ რეჟიმში იმუშავებს. პერიოდულად გაიმართება საინფორმაციო ბრიფინგი, ასევე შესაძლებელი იქნება მასმედიისა და დამკვირვებლებისთვის საჭირო ინფორმაციის მიღება.

არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა უკვე მიიღეს ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში.

შედეგები გამოქვეყნდება 28 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც კენჭისყრა საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარდება.