პროგნოზები არჩევნებამდე ორი დღით ადრე, ანუ ერთი ქვეყნის ორი რეალობა

ორი დღის შემდეგ ქართველ ამომრჩეველს კიდევ ერთხელ მოუწევს არჩევანის გაკეთება სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის.
Sputnik

თუ ასტროლოგ მიხეილ ცაგარელს და ტელეკომპანია "იმედს" დავუჯერებთ, გამარჯვების მეტი შანსი ოთხშაბათს სალომე ზურაბიშვილს აქვს, რადგან გამარჯვების პლანეტა იუპიტერი ვერძის ზოდიაქოში შედის, სადაც ზურაბიშვილს ჰყავს გამარჯვების პლანეტა პირად ჰოროსკოპში, ხოლო გრიგოლ ვაშაძე იმ აგრესიული რიტორიკის გამო დაისჯება, რომლითაც წინასაარჩევნო კამპანია აწარმოა.

გუშინ ცნობილი გახდა საზოგადოებრივი კვლევის ინსტიტუტის „გელაპის“ ქართველი პარტნიორის „გორბის“ მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც სალომე ზურაბიშვილი ხმების 52 პროცენტს მიიღებს, ხოლო გრიგოლ ვაშაძე – 48 პროცენტს. ვაშაძეების წარმატების და ნაკლის საიდუმლოც ისაა, რომ რეალურად მათ უკან ისევე დგას აგრესიული და მიუღებელი სააკაშვილი, როგორც სალომე ზურაბიშვილის უკან – ბიძინა ივანიშვილი. თამაშმა „დამოუკიდებელი კანდიდატობანა და ვითომ ჩაურევლობა“ არ გაამართლა.

რა სარგებლობა მოაქვს არჩევნებს?

სხვათა შორის, ამ ორი ძალის დაპირისპირებით ყველაზე მეტად „პატრიოტთა ალიანსმა“ ისარგებლა, რომელიც ბათუმსა და თბილისში გამართული ხალხმრავალი აქციებით თუ „ოცნების“ ჩანაცვლებას არა, მესამე ძალად დაფიქსირებას მაინც შეეცდება. ეს კი ცუდი პოზიცია ნამდვილად არაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ორი წელიც კი აღარაა დარჩენილი და ქვეყანა ძალიან მალე სრულ საპარლამენტო მმართველობაზე გადავა.

თუმცა არც „გაერთიანებული ოპოზიცია“ აპირებს ტემპის შენელებას. ფაქტია, რომ თუ პირველ ტურში ისინი ეფექტურ პიარს აწარმოებდნენ, მეორე ტურში ხელისუფლება გაცილებით სერიოზულად და გულმოდგინედ მიუდგა სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების საქმეს. „ედისონ რისერჩის“ მონაცემებით, არჩევნებს ვაშაძე იგებს, მაგრამ როგორც ერთი, ასევე მეორე კვლევა არა პირდაპირ მონაცემებს, არამედ ალოკაციის პრინციპს ეფუძნება, სხვაობა კი იმდენად მცირეა, რომ თავისუფლად შეიძლება 2-3 პროცენტიანი ცდომილება სოციოლოგებს ეპატიოთ, რადგან პირველ ტურში „ფსიქოპროექტის“ 14 პროცენტიანი ცდომილების შემდეგ გასაკვირი ცოტა რამ იქნება.

რამდენად აწყობს ოპოზიციის გამარჯვება „ქართულ ოცნებას"

რამდენად შეეგუება „გაერთიანებული ოპოზიცია“ დამარცხებას და არ შეეცდება პროცესების რევოლუციური გზით განვითარებას?

დღეს ზუსტად შეიძლება იმის თქმა, რომ ქუჩის აქციები და, მეორე მხრივ, დიდი წმენდა „ოცნებაში“ გარდაუვალია.

საზოგადოების ორად გაყოფისა და ქუჩის დაპირისპირების საფრთხეს ხედავს საქართველოს პატრიარქიც. მან ხალხს, ერთი მხრივ, არჩევნებში მოქალაქეობრივი მოვალეობის შესრულებისკენ მოუწოდა, მეორე მხრივ კი ხელისუფლებაც და ოპოზიციაც დაამუნათა, რომ ქვეყნისთვის ახლა მშვიდობაა მთავარი.

საქართველოს ახლა, ისე, როგორც არასოდეს, გაერთიანება და მშვიდობა სჭირდება.

არჩევნების მეორე ტური და მოსალოდნელი პროცედურული ომი

საპრეზიდენტო არჩევნები და მეორე ტური მრავალმხრივ სასარგებლო იყო ხელისუფლებისთვის, რომელიც მიხვდა, რომ ხალხი უკვე რეალურადაა გაბრაზებული და რადიკალური რეფორმების გატარებაზე უარის თქმის შემთხვევაში „ქართული ოცნება“ 2020 წელს ერთპიროვნულ უმრავლესობას უნდა გამოემშვიდობოს.

არადა, „20-30“ სწორედ იმაზე მიგვანიშნებს, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარე 2030 წლამდე აპირებს ქვეყანაზე ზრუნვას.

ახალ წელს საქართველოს ახალი პრეზიდენტი ეყოლება, პოლიტიკურ ელიტას კი ურთულესი 2019 წელი ელოდება – დასჯის, გაცხრილვის და შეცდომების გაანალიზების წელი. ამ წელსვე უნდა შეიქმნას და გამოიკვეთოს ე.წ. მესამე ძალაც... პრორუსულ სახელისუფლებო ფლანგზე ეს ნომინაცია „პატრიოტთა ალიანსს“ სურს, ხოლო თუ დასავლეთს რეალურად სურს მისი მხარდამჭერი ძალა არსებობდეს, როგორც ჩანს, ნაციონალებიდან და მათი განაყოფებიდან ახალ სახეებზე უნდა გადაიტანოს ყურადღება.