ხანძარი ქედაში: სამსულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა

ხანძარი, სავარაუდოდ, ძველი  ელექტროგაყვანილობის გამო გაჩნდა
Sputnik

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხმორისში  საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი ამ თემში მერის წარმომადგენლის ბადრი ბოლქვაძის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ხანძარი კონცელიძეების სამსულიან საცხოვრებელ სახლში შაბათს, გამთენიისას გაჩნდა.

ხანძარი ხობში: დაშავებულია შვიდი ადამიანი

ბადრი ბოლქვაძის განცხადებით, დაზარალებულ ოჯახს ადგილობრივი ხელისუფლება შესაბამის დახმარებას გაუწევს.

არსებული ინფორმაციით, ოჯახში ხანძრის დროს ერთი წევრი იმყოფებოდა, რომელმაც სახლიდან გამოსვლა დროულად მოასწრო.

ადგილობრივების განცხადებით, ხანძარი, სავარაუდოდ, ძველი ელექტროგაყვანილობის გამო გაჩნდა. მათი ინფორმაციით, ადგილზე ოთხი სახანძრო ბრიგადა მუშაობდა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით („ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“) მიმდინარეობს, რაც ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე.