„პატრიოტებმა“ ზურაბიშვილის მხარდამჭერი მრავალათასიანი აქცია მოაწყვეს

ოპოზიციის წარმომადგენლები მოითხოვენ, რომ პარლამენტმა მიიღოს რეზოლუცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის აკრძალვის შესახებ
Sputnik

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. „არა ნაცებს“ – ამ ლოზუნგით თბილისში, თავისუფლების მოედანზე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქცია 15:00 საათისთვის იყო დანიშნული, მაგრამ ადამიანებმა შეკრება ბევრად ადრე დაიწყეს. თბილისის საკრებულოს შენობის წინ მოეწყო სპეციალური სცენა, სადაც სიტყვით გამოვიდნენ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები და ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, რომლებიც „ერთიანი ნაცნიონალური მორაობის“ წინააღმდეგი არიან.

აქციის მთავარი მიზანი იყო, რომ მოსახლეობისთვის მოეწოდებინათ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარი დაუჭირონ სალომე ზურაბიშვილს – დამოუკიდებელ კანდიდატს, რომელსაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ უჭერს მხარს და არ დაუშვან ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება.

„პატრიოტებმა“ ზურაბიშვილის მხარდამჭერი მრავალათასიანი აქცია მოაწყვეს

აქციის ორგანიზატორია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, რომელმაც სალომე ზურაბიშვილს მხარი პირველი ტურის შემდეგ დაუჭირა.

„კოჰაბიტაცია იყო ღალატი, ამ კრიმინალების გამოცხადება მთავარ ოპოზიციურ ძალად იყო ღალატი. ჩვენ ვართ მთავარი ოპოზიციური ძალა თქვენთან ერთად. დღეს ყველა ვიცავთ ჩვენი შვილების მომავალს, არავისთვის დასათმობი საქართველო ჩვენ არ გვაქვს. საქართველოს მწამებლებს არ დავუთმობთ. ამიტომ, არა „ნაციონალურ მოძრაობას“, არა წარსულში დაბრუნებას. ჩვენ ყველა უნდა გავერთიანდეთ, მივიდეთ არჩევნებზე და მხარი დავუჭიროთ სალომე ზურაბიშვილს“, – განაცხადა აქციაზე პარლამენტის ვიცე–სპიკერმა, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა.

ოპოზიციის წარმომადგენლები მოითხოვენ, რომ პარლამენტმა მიიღოს რეზოლუცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის აკრძალვის შესახებ. ამ მიზნით მათ წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობის ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

საქართველოს პრემიერი ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოუწოდებს

ინაშვილის განცხადებით, ჯერ არჩევნებს მოიგებენ, შემდეგ კი ამ რეზოლუციას შეიტანენ პარლამენტში განსახილველად.

როგორც „პატრიოტების“ ერთ–ერთი ლიდერი დავით თარხან–მოურავი აცხადებს, ბოლო მონაცემებით, რეზოლუციას მხარს უჭერს 97 ათასზე მეტი ადამიანი.

„თუ ამ ჭირს არ მოვიშორებთ, ქვეყანა ვერ წავა წინ და ვერ განვითარდება“, – განაცხადა აქციაზე „ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს მოკლული ამირან (ბუტა) რობაქიძის დედა ია მეტრეველმა.

მრავალათასიანი აქცია ორი მიმართულებით დაიშალა – ერთი ნაკადი ბარათაშვილის ხიდისკენ წავიდა, ხოლო მეორე – მეტრო რუსთაველის მიმართულებით. მათ გაიარეს პარლამენტის შენობის წინ, სადაც პარალელურად მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია პანკისელი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით.

„პატრიოტებმა“ ზურაბიშვილის მხარდამჭერი მრავალათასიანი აქცია მოაწყვეს

სანამ აქცია თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობდა, პოლიციამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა და ორმაგი კორდონი მოაწყო. სამართალდამცველები არავის უშვებდნენ მაჩალიკაშვილის საპროტესტო აქციის ადგილისკენ.

ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე მოძრაობა აღდგენილია, თუმცა პოლიცია მაინც ადგილზეა მობილიზებული.

ბოლო პერიოდში „ნაცმოძრაობის“ დაბრუნების წინააღმდეგ აქციები გაიმართა სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის თელავში, ბათუმში, ქუთაისში, სამტრედიაში, გორსა და რუსთავში.

„პატრიოტებმა“ ზურაბიშვილის მხარდამჭერი მრავალათასიანი აქცია მოაწყვეს

28 ნოემბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება. მოსახლეობას არჩევნის გაკეთება მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ მხარდაჭერილ დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრია და ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ ინტერესებს წარმოადგენს.