ანსამბლი „სუხიშვილები“ მხატვარ ვირსალაძის იუბილეს აღნიშნავს

საქართველოს ეროვნული ბალეტი ბოლო დროს უფრო მეტად ანებივრებს ქართველ მაყურებელს
Sputnik

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბალეტი „სუხიშვილები“ კოსტიუმების ლეგენდარული მხატვრის სოლომონ (სიმონ) ვირსალაძის 110 წლის იუბილესთან დაკავშირებით 22 დეკემბერს კონცერტს გამართავს, იუწყებიან ორგანიზატორები.

კონცერტი თბილისის საკონცერტო დარბაზის სცენაზე 21:00 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ფილარმონიის სალაროებსა და ონლაინ.

სოლიკო ვირსალაძე, ცისვაზიანი სახლი და ამბავი ტფილისური სიყვარულისა>>

„შესრულდება ის ცეკვები, რომელთა კოსტიუმებიც სწორედ სოლომონ ვირსალაძის მიერ არის შექმნილი; მაყურებელი იხილავს კლასიკურ, ტრადიციულ ცეკვებს, რომელიც ბოლო ათეული წლებია არ შესრულებულა საქართველოში“, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კონცერტის დაწყებამდე შესაძლებელია სოლიკო ვირსალაძის მიერ შექმნილი ესკიზებისა და კოსტიუმების გამოფენის დათვალიერება.

სოლიკო ვირსალაძე (1908–1989) – ქართველი თეატრალური მხატვარი, სცენოგრაფი, სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი. ის, თბილისის გარდა, მუშაობდა მოსკოვის დიდ თეატრში, მარინის თეატრში, ასევე პრაღის, პარიზის, ვენის, სტოკჰოლმის თეატრებში.