საქართველოში არასრულწლოვანთა პირველი თანამედროვე იზოლატორი გაიხსნა

რუსთავის მსგავსად, არასრულწლოვანთა მოთავსების დროებითი იზოლატორი თბილისშიც გაიხსნება.
Sputnik

თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორში არასრულწლოვნების უფლებების დაცვის სტანდარტებზე მორგებული საგამოძიებო და განთავსების ოთახები დაათვალიერა, ნათქვამია სამინისტროს ვებ–გვერდზე.

სამინისტროში განაცხადეს, რომ აღნიშნული იზოლატორი სრულად მოწყობილია არასრულწლოვანთა უფლებების გათვალისწინებით. გახარიასთან ერთად გამოკითხვისა და საგამოძიებო ოთახები გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ღასან ხალილმა გახსნა. 

„რეალურად, რუსთავში ჩვენ პირველად გავაკეთეთ არასრულწლოვნების მიმართ ან არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულის კონტექსტში მათთვის შესაფერისი ინფრასტრუქტურა. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს იმას, რომ ჩვენ არასრულწლოვნების დანაშაულს ეფექტიანად ვებრძოლოთ“, – განაცხადა გახარიამ. 

დროებითი მოთავსების იზოლატორებში სამედიცინო პუნქტები გაიხსნა

დროებითი მოთავსების იზოლატორი გაეროს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის მხარდაჭერით მოეწყო. გახარიას სიტყვებით, მსგავსი იზოლატორი ახლო მომავალში ავჭალაშიც გაიხსნება.

„ჩვენ ამ გზით რუსთავიდან ვიწყებთ და ახლო მომავალში მსგავსი ინფრასტრუქტურა გაჩნდება ქვეყნის ყველა რეგიონსა და დიდ ქალაქში", – განაცხადა გიორგი გახარიამ.

2018 წლის დეკემბრიდან თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში ხელმისაწვდომი იქნება ფსიქოლოგის მომსახურებაც.

საქართველოში არასრულწლოვანთა იზოლატორების მშენებლობა 2019 წლიდან გაგრძელდება.