ქართულმა ფილმმა „8 წუთი“ ვენესუელაში 10 ჯილდო მოიპოვა

ქართველი რეჟისორების მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა ვენესუელის ფესტივალზე მაღალი შეფასება დაიმსახურა.
Sputnik

თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. ქართულმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა „8 წუთი“, რომელიც აპოკალიფსის წინ ადამიანების ქცევაზეა გადაღებული, ვენესუელის ხუთი კონტინენტის საერთაშორისო კინოფესტივალზე FICOCC 10 ნომინაციაში გაიმარჯვა.

ქართულმა ფილმმა სამყაროს აღსასრულზე ინდოეთის ფესტივალზე გაიმარჯვა>>>

კინოფესტივალი ონლაინ–რეჟიმში ყოველთვიურად ირჩევს და აჯილდოებს მთელი მსოფლიოდან საუკეთესო მხატვრულ, დოკუმენტურ და ანიმაციურ ფილმებს. ქართულმა ფილმმა საერთაშორისო კონკურსზე მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფორუმზე გაიმარჯვა. 

ქართულმა ფილმმა-აპოკალიფსმა "8 წუთი" ავსტრალიაში გაიმარჯვა

ფილმი „8 წუთი“ დაასახელეს გამარჯვებულად ნომინაციებში „საუკეთესო სამეცნიერო–ფანტასტიკური ფილმი“, „საუკეთესო მხატვრული გაფორმება“, „საუკეთესო მთავარი როლის შემსრულებელი“ (სლავა ნათენაძე), „საუკეთესო ოპერატორის ნამუშევარი“ (ალექსანდრე დარახველიძე), „საუკეთესო მონტაჟი“ (გიორგი გოგიჩაიშვილი), ჟიურის სპეციალური აღნიშვნა რეჟისურისთვის (გიორგი გოგიჩაიშვილი, დათო აბრამიშვილი), ჟიურის სპეციალური აღნიშვნა სცენარისთვის (გიორგი გოგიჩაიშვილი, ზაზა კოშკაძე, მარი ბექაური), ჟიურის სპეციალური აღნიშვნა ქალის მეორეხარისხოვანი როლისთვის (ანი ბებია), ჟიურის სპეციალური აღნიშვნა ორიგინალური მუსიკისთვის (ზურა ვაჩნაძე) და ჟიურის სპეციალური აღნიშვნა საუკეთესო მხატვრობისთვის (Slow Pulse Group). 

ფილმის სიუჟეტის მიხედვით, გმირები შეიტყობენ, რომ მზე რვა წუთში ჩაქრება. აპოკალიფსის მოლოდინში მთელ მსოფლიოს ქაოსი მოიცავს და აბსოლუტურ სიმშვიდეს მხოლოდ 60 წლის გია ინარჩუნებს. მარტოხელა მამაკაცი, რომელიც თბილისში წყნარი და მოკრძალებული ცხოვრებით ცხოვრობს, გადაწყვეტს ვაჟთან დაკავშირებას მათი რთული ურთიერთობების მიუხედავად. სატელეფონო საუბრის დროს გია შეიტყობს, რომ მისი შვილი ჩრდილოეთ პოლუსზე ექსპედიციაში იმყოფება. ახალგაზრდა მამაკაცი ვერც კი ხვდება, რომ რამდენიმე წუთში მსოფლიოს წყვდიადი მოიცავს. მამამისმა ვერ გაბედა ეთქვა მისთვის კატასტროფის მოახლოების შესახებ და ყურმილი დაკიდა. წამის შემდეგ გია ხვდება, რომ გულხელდაკრეფილი ვერ იჯდება ერთ ადგილზე, მან რაღაცა უნდა მოიმოქმედოს — ის ხომ ჯადოქარია!

მანამდე ფილმი-აპოკალიფსი „8 წუთი“ მოკლემეტრაჟიანი ფილმების მანჰეტენის XX ფესტივალზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ხოლო სიდნეის საერთაშორისო ინდი-კინოფესტივალზე, რომელიც ავსტრალიაში 2017 წლის 18-28 სექტემბერს ჩატარდა, „8 წუთი“ საუკეთესო სამეცნიერო-ფანტასტიკურ ფილმად დასახელდა.