ილია მეორემ მშვიდობისმყოფელებს გიორგობის დღესასწაული მიულოცა

კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოს თავდაცვის მინისტრს ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედროებისთვის ხატები და ფსალმუნები გადასცა.
Sputnik

თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოს თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას და ქართველ მშვიდობისმყოფელებს გიორგობის დღესასწაული მიულოცა, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებ–გვერდზე.

დღეს საქართველოში გიორგობას ზეიმობენ>>>

ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია აღასრულა. საქართველოში გიორგობას წელიწადში ორჯერ – 23 ნოემბერს და 6 მაისს ზეიმობენ.

„დღეს ჩვენ პატივი გვერგო გიორგობის მილოცვა ჩვენი უწმინდესისგან მიგვეღო. მან დიდი სიყვარულითა და ლოცვა–კურთხევით გადმოგვცა ხატები, რათა იგი ჩვენ ძმებს, ავღანეთში მყოფ სამხედროებს გადავცეთ. ამასთანავე გადავცეთ ის ემოცია, რომელიც არა მარტო მისგან, არამედ თითოეული ქართველისგან მოდის. და ეს არის სრულიად საქართველოს მილოცვა ჩვენი საამაყო სამხედროებისადმი“, – განაცხადა იზორიამ ავღანეთში გამგზავრების წინ.

კათოლიკოს–პატრიარქისგან ნაკურთხი ხატები და ფსალმუნები თავდაცვის მინისტრმა ავღანეთში სამშვიდობო მისია „მტკიცე მხარდაჭერაში“ (Resolute Support) მონაწილე სამხედროებისთვის წაიღო. ხატებს მაზარ-ი-შარიფის, ბაგრამისა და ქაბულის სამხედრო ბაზებზე მდებარე ეკლესიებსა და სამლოცველოში დააბრძანებენ.  

ილია მეორე: ღმერთმა ინებოს, რომ პრეზიდენტის არჩევნები მშვიდობით ჩატარდეს

თავდაცვის მინისტრი ავღანეთში, ხატებთან ერთად, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გადაღებულ ფილმს „წინამბრძოლს“ ჩაიტანს. წმინდა გიორგის ცხოვრებისა და სასწაულების შესახებ გადაღებული ფილმის ჩვენება ოფიციალურ პრემიერამდე ავღანეთში ქართველი მშვიდობისმყოფელებისთვის გაიმართება.

ფილმის წარმომდგენები საქართველოს საპატრიარქო და საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არიან, რეჟისორი კი გიორგი კიკალეიშვილია. 

„მტკიცე მხარდაჭერა" (Resolute Support) ნატოს არასაომარი მისიაა, რომელიც ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. ნატოსა და ავღანეთის ორმხრივი შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში 13000 სამხედრო იმყოფება, რომელთა ფუნქციებში ავღანური ძალოვანი სტრუქტურების სწავლება და კონსულტაცია შედის.

ამჟამად ნატოს მისიაში 872 ქართველი სამხედრო მონაწილეობს. ისინი დისლოცირებული არიან ბაგრამის, ქაბულისა და მაზარ-ი-შარიფის ბაზებზე.