„აღმოჩენა“ გოდერძი ჩოხელის შემოქმედებაში და ხალხმრავალ ავტობუსში დაწერილი ლექსი

დღეს გიორგობაა და ვულოცავთ ამ დიდ დღესასწაულს ჩვენ მკითხველს. ამ მასალით კი კიდევ ერთ საინტერესო პიროვნებას გიორგი ხორბალაძეს გაგაცნობთ.
Sputnik

იგი ლექსების ორი კრებულის ავტორია, გორის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და, უბრალოდ, კარგი ადამიანი.

„აღმოჩენა“ გოდერძი ჩოხელის შემოქმედებაში და ხალხმრავალ ავტობუსში დაწერილი ლექსი

- ბატონო გიორგი, რა არის თქვენთვის გიორგობის დღესასწაული?

- მე ქარელის რაიონის სოფელ ბებნისში დავიბადე და ბავშვობაც იქ გავატარე. გიორგობის დღესასწაული ჩემთვის ბევრ რამესთან ასოცირდება, პირველ რიგში, ბავშვობასთან. მახსოვს, როცა ეს დღესასწაული დგებოდა ოჯახში, თითქოს რაღაც განსაკუთრებულ გარემოს მიქმნიდნენ. ეს ჩემი მეორე დაბადების დღე იყო და ყველაფერი ნათელი მასთან დაკავშირებით მახსოვს. როცა წამოიზრდები, მერე იგებ უკვე ამ დღის რეალურ არსს, იმას, რომ წმინდა გიორგი ქართველებისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველას მივულოცო ეს დღე...

„აღმოჩენა“ გოდერძი ჩოხელის შემოქმედებაში და ხალხმრავალ ავტობუსში დაწერილი ლექსი

- ამ დღეს მინდა ისეთი ნათელი ადამიანი ვახსენოთ, როგორიც გოდერძი ჩოხელია, თქვენი დისერტაციის თემა მის შემოქმედებას ეხებოდა, თანაც აქამდე განსხვავებული კუთხით...

- ეს ადამიანი მარტო ხელოვანი არ იყო, ის ქართველებისთვის მთელი სამყაროა, ნათელი, კეთილი გმირებით დასახლებული პირველყოფილი სამყარო... რაც შეეხება ჩემ ნაშრომს, თუმცა საკმაოდ თავმდაბალი ადამიანი ვარ, სიამაყით ვიხსენებ იმ ფაქტს, რომ ჩემი სადისერტაციო ნაშრომი პირველია ლიტერატურაში, რომელიც გოდერძი ჩოხელის შემოქმედებას ეხება. მე არ ვგულისხმობ იმ ნაშრომებს, სადაც კომპლექსურად ყოფილა სხვა მწერლების შემოქმედების მიმოხილვა, მათ შორის მისიც. ცალკე, ანუ დამოუკიდებელი ნაშრომი ამ მწერალზე დაწერილი არ იყო. სამეცნიერო ნაშრომის წერა იმ მწერალზე, ვის შესახებაც არანაირი კვლევა არ არსებობს, ძალიან რთულია, რადგან ვერავის მოსაზრებას ვერ დაეყრდნობი. ამ მხრივ ეს ჩემთვის ორმაგად საპასუხისმგებლო იყო.

„აღმოჩენა“ გოდერძი ჩოხელის შემოქმედებაში და ხალხმრავალ ავტობუსში დაწერილი ლექსი

- რაიმე აღმოჩენა ხომ არ გაგიკეთებიათ მის შემოქმედებაში?

- ჩემი მიზანი იყო მისი შემოქმედების ძირითადი მიმართულებები ამომეწია და საბოლოოდ რაზეც ყურადღება გავამახვილე, ის ერთგვარი სიურპრიზი აღმოჩნდა ლიტერატურაში. ნაშრომში მაქვს ერთი ქვეთავი, სადაც ვსაუბრობ პოსტმოდერნისტულ ტენდენციებზე გოდერძი ჩოხელის შემოქმედებაში. ამის შესახებ არავის უთქვამს. ეს განსაკუთრებით დიდი დოზით შეიმჩნევა მის ნაკლებად ცნობილ ნაწარმოებში „მიჯაჭვული რაინდები“. ამაყი ვარ, რომ ამის შესახებ პირველად მე გავამახვილე ყურადღება.

„აღმოჩენა“ გოდერძი ჩოხელის შემოქმედებაში და ხალხმრავალ ავტობუსში დაწერილი ლექსი

- თქვენი ლექსის სტროფებია:

„მებრძვიან დარდთა გარნიზონები
ილუზიებით თუ რეალობით,
გულო, ფართობით არ იზომები,
არამედ ნაღდი გულიანობით.

გამხადეთ ტანზე ჭრელი სამყარო,
ქაოსის ბუღი მაღრჩობს და მთანგავს,
ის ჩინ-მედლებიც სრულად ამყარეთ
სინამდვილეში სულაც რომ არ მაქვს“.

თავად თქვენმა რომელმა ლექსმა „დაგამახსოვრათ“ თავი?

- ლექსების ორი კრებული მაქვს გამოცემული, ახლა მესამეზე ვმუშაობ. ლექსებზე ერთი ამბავი მახსენდება: ერთხელ ავტობუსით სოფელ ერედვში მივდიოდით, მაშინ ის სოფელი ოკუპირებული არ იყო. ემოცია მომეძალა და ფიქრებმა არ მომასვენეს, არ მომეშვნენ, სანამ ისინი ლექსად არ ვაქციე. მოკლედ, მორიგ სოფლამდე 15 წუთი ვიყავით გზაში და ხალხით სავსე ავტობუსში დავწერე ლექსი. როცა „გამოვფხიზლდი“, მერე გავაცნობიერე, სად ვიყავი და როგორი ხმაური იყო ჩემს გარშემო... ახლა ამ ამბავს ემოციით ვიხსენებ, რადგან იმ მონაკვეთის გავლა დღეს უკვე შეუძლებელია. ალბათ იყო ამაში უფლის ნება, რომ ეს ამბავი სამახსოვროდ დამრჩენოდა. თორემ უამრავი გზა გამივლია და ლექსიც ყველგან არ დამიწერია...

„აღმოჩენა“ გოდერძი ჩოხელის შემოქმედებაში და ხალხმრავალ ავტობუსში დაწერილი ლექსი

- ლექციებს ფაქტობრივად თქვენზე რამდენიმე წლით უმცროს სტუდენტებს უკითხავთ, რომელია რჩევა, რომელსაც პირველივე ლექციაზე აძლევთ?

- ყოველთვის, როცა კი პირველკურსელებთან შევდივარ, პირველივე ლექციაზე ვეუბნები, რომ იყვნენ თავისუფლები, თავისუფლად იაზროვნონ და არავის გავლენის ქვეშ არ მოექცნენ, მათ შორის არც ჩემი გავლენის ქვეშ. და, კიდევ, შესაძლოა, ეს ძალიან ბანალურად ჟღერს, მაგრამ სულ ვეუბნები, რომ სიყვარულით იცხოვრონ, რაც ყველაფერში უნდა ჩანდეს - ესაა ბედნიერი ცხოვრების შეუცვლელი ფორმულა...