თბილისში კიდევ ერთმა სადარბაზომ დაიბრუნა პირვანდელი იერი

სპეციალისტებმა ძველი თბილისის ერთ–ერთ სადარბაზოში რესტავრაცია ჩაუტარეს მოხატულობას, იატაკს, კარსა და მოაჯირებს.
Sputnik

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. მთაწმინდის რაიონში რესტავრაცია ჩაუტარეს სადარბაზოს მე-19 საუკუნის უნიკალური მოხატულობით, ნათქვამია რაიონის გამგეობის განცხადებაში.

ამურები და ანგელოზები: თბილისის ერთ-ერთ სადარბაზოში ძველი მოხატულობა აღმოაჩინეს>>

საუბარია თაბუკაშვილის №42-ში მდებარე სახლის სადარბაზოზე, სადაც ცოტა ხნის წინ კედლის ძველი მხატვრობა აღმოაჩინეს. კედლის რესტავრაცია მალევე დაიწყეს.

„კომპოზიციის დიდი ნაწილი თვითნებური ჩარევის შედეგად შეცვლილი და გადაკეთებული იყო, რის გამოც სადარბაზოს პირვანდელი იერსახე დაკარგული ჰქონდა. ადრეული მხატვრობის ნიმუში, რაზეც წელიწადის დროებია გამოსახული, კონსერვატორ-რესტავრატორების მიერ პირვანდელი სახით აღდგა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სადარბაზოში რესტავრაცია ჩაუტარდა ასევე მოზაიკურ იატაკს, კარსა და ლითონის მოაჯირებს.

სახლი 1889 წელსაა აშენებული და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი. ინტერიერის მოხატულობა იმდროინდელი თბილისური სადარბაზოებისთვის დამახასიათებელი მხატვრობის უნიკალური ნიმუშია.

მთაწმინდის გამგეობაში აღნიშნავენ, რომ რესტავრაციაზე 119 ათასი ლარი დაიხარჯა.