„ქართულმა ოცნებამ“ სააკაშვილის განცხადება მუქარად აღიქვა

კახა კალაძე საუბრობს მუქარებზე, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მომდინარეობს.
Sputnik

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდა, ობიექტურად შეაფასონ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადება მმართველი პარტიის ლიდერთან, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ გეგმებზე.

კალაძე საქართველოში არჩევნებზე რაც შეიძლება მეტ დამკვირვებელს უხმობს >>

სააკაშვილმა გააკეთა განცხადება ხელისუფლების ინიციატივის შემდეგ, რომელიც „შავსიელთა“ საბანკო ვალების ჩამოწერას ეხება. საუბარია თითქმის 700 ათას მევალეზე და 1,5 მილიარდ ლარზე. ეს უნდა მოხდეს 15-დან 31 დეკემბრამდე საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით, რომლის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია.

„ივანიშვილი მოგიტანთ მილიარდ-ნახევარ ლარს. ისე მოვატანინებთ, როგორც დაგიბარებიათ. ნამდვილად არ მივცემ საშუალებას ივანიშვილს, ჩვენი გამარჯვების პირობებში, გია ვაშაძის გამარჯვების პირობებში, რომ ეს ფული შეიტყაპუნოს… როგორც კი გია ვაშაძე მოიგებს, მე გაძლევთ გარანტიას, რომ მაქსიმუმ ორ კვირაში ეს კაცი მოიტანს… მე არასდროს მომიტყუებიხართ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ივანიშვილი დარწმუნებულია ზურაბიშვილის გამარჯვებაში, მაგრამ ვაშაძის გამარჯვებასაც მიიღებს

„ქართულ ოცნებაში“ ეს განცხადება აღიქვეს როგორც „ნაცმოძრაობის“ რევანშის საფრთხე.

„ისინი ვერ გადაეჩვევიან ძარცვას, ბიზნესის დარეკეტებას, ეს არის მათი პოლიტიკური ცხოვრების სტილი და სხვა გზა და სხვა გამოსავალი ამ პოლიტიკურ ძალას არ აქვს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა დავით მათიკაშვილმა.

კალაძემ, თავის მხრივ, საქართველოში რევოლუციის საფრთხის შესახებ განაცხადა.

„მოვუწოდებთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ადეკვატური, ობიექტური და მკაფიო შეფასება მისცენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან რევოლუციის მუქარას, რომ ახალ წლამდე შეცვლის ხელისუფლებას. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ხელისუფლება არავის მისცემს საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის, დესტაბილიზაციისა და ქვეყანაში რევოლუციური სცენარის განვითარების საშუალებას და ნებისმიერ ასეთ მცდელობაზე კანონის ფარგლებში უმკაცრესი რეაქცია იქნება“, – განაცხადა კალაძემ.

ის დარწმუნებულია, რომ არჩევნები კვლავაც უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარდება.

კომენტარი გააკეთა ასევე პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ წევრია.

 „მორიგი ტყუილი" – ოპოზიცია „შავსიელთა" მიმართ ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე >>

„არ ვიცი, ვინ რა განაცხადა. ჩემი სახელი არის გრიგოლ ვაშაძე. მე ჩემი და ჩემი გუნდის სახელით გეუბნებით შემდეგს: საქართველოში პიროვნება და მისი კერძო საკუთრება არის ხელშეუხებელი“, – განუცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებს.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება. საქართველოს მოქალაქეები გააკეთებენ არჩევანს გრიგოლ ვაშაძესა და სალომე ზურაბიშვილს შორის, რომელსაც მხარს „ქართული ოცნება“ უჭერს.