კალაძე საქართველოში არჩევნებზე რაც შეიძლება მეტ დამკვირვებელს უხმობს

კახა კალაძემ დაარწმუნა დამკვირვებლები, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მაქსიმალურად თავისუფალ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება.
Sputnik

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს მოუწოდა, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე რაც შეიძლება მეტი წარმომადგენელი მოავლინონ.

ივანიშვილი დარწმუნებულია ზურაბიშვილის გამარჯვებაში, მაგრამ ვაშაძის გამარჯვებასაც მიიღებს >>

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს ჩატარდება. საქართველოს მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება მოუწევთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გრიგოლ ვაშაძესა და სალომე ზურაბიშვილს შორის, რომელსაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ უჭერს მხარს. 

„მინდა მივმართო ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას, რაც შეიძლება მეტი წარმომადგენელი გამოგზავნონ არჩევნებზე დამკვირვებლად, რათა ყველამ ერთად ვნახოთ, თუ როგორი მაღალი სტანდარტით წარიმართება პროცესები ჩვენ ქვეყანაში. სწორედ ჩვენი ხელისუფლება არის გარანტი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურიც და, ზოგადად, ყველა არჩევნები ამ ქვეყანაში წარიმართება მაქსიმალურად თავისუფალ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში”, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ცივი შხაპი“ მმართველი პარტიისთვის – ივანიშვილმა 28 ოქტომბრის არჩევნების შედეგები შეაფასა

მისი თქმით, არჩევნების პირველ ტურზე მოიწვიეს ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაცია და „ყველა მათგანმა ძალზე პოზიტიური შეფასება წარმოადგინა“. პარტიის გენმდივანმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ღირსეულად ჩატარება პირველ რიგში მმართველი პარტიის ინტერესებშია.

კალაძემ ასევე გააკეთა კომენტარი იმ სკანდალთან დაკავშირებით, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას უკავშირდება. მათ სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთ თანამშრომელზე დაყრდნობით განაცხადეს, რომ საქართველოში ზურაბიშვილის სასარგებლოდ არჩევნების გაყალბების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობები იბეჭდება.

„ყველას მოვუწოდებთ, მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ სადამკვირვებლო პროცესს და დაუსაბუთებელი ბრალდებების ნაცვლად ფაქტობრივ მასალაზე დაფუძნებული ინფორმაციები წარმოადგინონ და ითანამშრომლონ გამოძიებასთან, რათა არავითარი კითხვის ნიშნები არ დარჩეს არც გავრცელებულ ინფორმაციასთან და არც ამ ინფორმაციის გავრცელების მიზანთან დაკავშირებით“, – განაცხადა კალაძემ.

ყალბი საბუთები და „კარუსელები“ - პროკურატურამ გამოძიება დაიწყო >>

არასამთავრობო ორგანიზაციების „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და „სამართლიანი არჩევნები“ ხელმძღვანელებმა - ეკა გიგაურმა, ირმა პავლიაშვილმა და მიშა ბენიძემ არ ისურვეს წარედგინათ პროკურატურისთვის საჭირო ინფორმაცია, პირველ რიგში მონაცემები ინფორმაციის წყაროს შესახებ.

არ არის გამორიცხული, რომ პროკურატურა მიმართავს სასამართლოს, რათა ისინი მაგისტრატმა მოსამართლემ გამოკითხოს.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადების საფუძველზე საქართველოს პროკურატურამ „გამოყენების ან გასაღების მიზნით ყალბი პირადობის დამადასტურებელი მოწმობების დამზადების“ შესაძლო ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.