საქართველოში უშიშროების საბჭო გაუქმდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა განმარტა, რა სტრუქტურა გახდება უშიშროების საბჭოს ალტერნატივა.
Sputnik

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა პარლამენტის დადგენილებას „სახელმწიფო უშიშროების საბჭოს შესახებ“ კანონის ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე, იუწყება სახელმწიფოს მეთაურის პრეს-სამსახური.

პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია >>

საქართველოს ხელისუფლებამ უშიშროების საბჭოს გაუქმების გადაწყვეტილება 2016-2017 წლებში საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობისას მიიღო. მარგველაშვილი მთელი ამ დროის განმავლობაში საბჭოს გაუქმების წინააღმდეგი იყო და აცხადებდა, რომ პრეზიდენტთან უნდა არსებობდეს სათათბირო ორგანო, რომელიც ეროვნული უშიშროების საკითხებზე იმუშავებს.

საქართველოს უშიშროების საბჭო მას შემდეგ გაუქმდება, რაც ახლადარჩეული პრეზიდენტი ფიცს დადებს. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება.

საქართველოს უშიშროების საბჭომ შეიარაღებული ძალების რაოდენობაზე გადაწყვეტილება მიიღო

„პრეზიდენტმა არაერთხელ აღნიშნა, რომ განსაკუთრებით საქართველოს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის დაუშვებელია, არ არსებობდეს მსგავსი ტიპის ორგანო და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ დროულად შექმნილიყო თუნდაც სხვა უწყება, რომელიც მუდმივმოქმედ რეჟიმში გადაიბარებდა უშიშროების საბჭოს ფუნქციებს“, – განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილის პრეტენზიები მიუღებელია შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიასთვის. მისი თქმით, წლის ბოლომდე საქართველოში შეიქმნება უშიშროების საბჭოს მსგავსი ახალი ორგანო, მაგრამ ის უკვე პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარება.

„არ აქვს არანაირი საბაბი წუხილისთვის. რა ვალდებულებებიც იყო აღებული, თუ არ ვცდები, პირველ დეკემბრამდე ეს საკანონმდებლო ინიციატივა უნდა იყოს პარლამენტში. ეს ყველაფერი მოხდება თავის ვადებში. ახალ წლამდე ქვეყანას ეყოლება ახალი ფორმატის რეორგანიზებული უშიშროების საბჭო, რომელიც დაექვემდებარება პრემიერ-მინისტრს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ჯერ კიდევ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, უშიშროების საბჭოს პრეზიდენტი ხელმძღვანელობს. უწყებას ჰყავს თავისი მდივანი. უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები არიან პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების და საგარეო ურთიერთობების კომიტეტების თავმჯდომარეები, პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი.