„ცივი შხაპი“ მმართველი პარტიისთვის – ივანიშვილმა 28 ოქტომბრის არჩევნების შედეგები შეაფასა

ბიძინა ივანიშვილმა 28 ოქტომბერს გამართული არჩევნების შედეგების კომენტირებისას განაცხადა, რომ „ზოგი ჭირი მარგებელია“.
Sputnik

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა სამარცხვინო უწოდა საზოგადოებრივი აზრის კვლევის ხარისხს, რომელიც 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს სერიოზულად ასცდა.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა >>

მმართველი პარტია დარწმუნებული იყო, რომ მის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი 50%-ზე მეტ ხმას მოიპოვებდა და პირველივე ტურში დიდი სხვაობით გაიმარჯვებდა. არჩვენებმა სულ სხვა შედეგი აჩვენა. ზურაბიშვილმა 38,64% ხმა მიიღო, ხოლო მისმა მთავარმა კონკურენტმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გრიგოლ ვაშაძემ – 37,74%.

„ზედმეტი თვითდაჯერებულობა ერთ-ერთი მიზეზი იყო იმისა, როგორც ვითარდებოდა და როგორც ხდებოდა ურთიერთობა საზოგადოებასთან. ამის კარგი გამოხატულება გახლდათ თუნდაც პირველ ტურში შედეგები, რამდენსაც ველოდებოდით. რა თქმა უნდა, მე ვიყავი ჩართული, მაგრამ ისევ ძველ გუნდსა და ძველ ინფორმაციაზე დაყრდნობით. გუნდი იმ დონეზე იყო დარწმუნებული საკუთარ ძალებში, რომ პროფესიონალური კვლევებიც კი არ ჩაუტარებიათ. რეალურად, პარტიული რესურსით ახერხებდნენ კვლევების ჩატარებას და ასეთი ცდომილება იყო სირცხვილი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ტელეარხ Imedi-ს ეთერში.

ყალბი საბუთები და „კარუსელები“ - პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ამას მისი მკაცრი რეაქცია მოჰყვა.

„ეგზიტპოლების შემდეგ მეც კი გამომიყვანეს, ეს იყო სირცხვილი. ძალიან მკაცრი საუბარი მქონდა ამის შემდეგ. მოლოდინი ჰქონდათ აბსოლუტურად აცდენილი რეალობასთან, 14 პროცენტი სხვაობა სირცხვილია, ამას კვლევა აღარ ჰქვია. „ზოგი ჭირი მარგებელია – ძალიან მიყვარს ეს გამონათქვამი, თვითონ გუნდმაც მიიღო ცივი შხაპი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა ქვეყნის მართვასთან დაკავშირებულ სირთულეებზე.

„რთულია დემოკრატიული მეთოდებით მართვა, განსაკუთრებით ისეთ ღარიბ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. მაგრამ ჩვენ ადამიანის ღირსებაზე დაფუძნებულ მართვას გავაგრძელებთ“, – განაცხადა ივანიშვილმა.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება.