საბავშვო ევროვიზია 2018: საქართველო მეცამეტე ნომრით გამოვა

კონკურსანტები 20 ქვეყნიდან თავიანთ ნომრებს 25 ნოემბერს წარადგენენ. ამავე დღეს განისაზღვრება საბავშვო ევროვიზია 2018–ის გამარჯვებული.
Sputnik

თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს წარმომადგენელი სიმღერის მე-16 საერთაშორისო კონკურსზე „საბავშვო ევროვიზია 2018“ თამარ ედილაშვილი მე-13 ნომრად გამოვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

კონკურსის ფინალი 25 ნოემბერს მინსკში, „მინსკ–არენას“ სცენაზე გაიმართება. კონკურსის მონაწილეა რეკორდული – 20 ქვეყნის წარმომადგენელი. წელს მისი დევიზია #lightUp („დაანთე ცეცხლი“).

მონაწილეთა გამოსვლის კენჭისყრა გუშინ, გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე გაიმართა. როგორც ცნობილი გახდა, შოუს გახსნის უკრაინის წარმომადგენელი, დახურავს – პოლონეთის წარმომადგენელი.

გახსნის ცერემონიამ სტარტი მისცა „ევროკვირეულს“: უახლოეს დღეებში კონკურსის მონაწილეები არა მხოლოდ გაძლიერებულ რეჟიმში გაივლიან რეპეტიციებს და მოემზადებიან შოუსთვის, არამედ გაეცნობიან ბელარუსის კულტურასა და ისტორიას.

ვინ წარადგენს საქართველოს „საბავშვო ევროვიზიაზე"

საქართველოში შესარჩევმა ჟიურიმ წელს გადაწყვიტა, რომ "საბავშვო ევროვიზიის" რიგით მე-16 კონკურსში საქართველოს თამარ ედილაშვილი წარადგენს სიმღერით „შენი ხმა". საბავშვო ევროვიზიის საკონკურსო სიმღერის ავტორია სოფო ტოროშელიძე, ხოლო ტექსტი ალექსანდრე ლორთქიფანიძეს ეკუთვნის.

ცამეტი წლის თამარ ედილაშვილი პირველი არხის ეროვნული საბავშვო ვოკალური პროექტის „რანინას“ გამარჯვებულია. ის პატარაობიდან მღერის.

ედილაშვილი შარშან ქართული X Factor-ის ნახევარფინალისტი გახდა. მან ფინალში გასვლა ვერ შეძლო და კატეგორია „ბავშვებში" გამარჯვება მის ძირითად კონკურენტ გრიგოლ ყიფშიძეს დაუთმო. ედილაშვილს გამარჯვებამდე ხმების რამდენიმე პროცენტი დააკლდა.

2017 წელს სწორედ გრიგოლ ყიფშიძემ წარადგინა საქართველო „საბავშვო ევროვიზიაზე", სადაც მეორე ადგილი დაიკავა. კონკურსზე პირველი ადგილი რუს კონკურსანტ პოლინა ბოგუშევიჩს ერგო.

საქართველო „საბავშვო ევროვიზიის" გამარჯვებული სამჯერ გახდა — 2008, 2011 და 2016 წლებში.