მოქალაქე ბოს ბლოგი: ჩემი გადახდილია, ანუ თუ ბანკიდან დაგირეკეს

„მოქალაქე ბო“ ერთი ქართველი ახალგაზრდა კაცია. ფიქრი უყვარს და ყველაფერზე საკუთარი აზრი აქვს. ამ ნაფიქრალ-ნააზრევს კი მოკლე წერილებში აზიარებს და საზოგადოებას აცნობს.
Sputnik

დიახ, ბევრ თქვენგანს სწორედ ასე შეუძლია უპასუხოს ამიერიდან ბანკის ვალების ამომღები კომპანიის წარმომადგენლებს, რადგან გუშინ საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი სიახლე დააანონსა, სიახლე, რომელიც საქართველოს 600 000-ზე მეტ მოქალაქეს ხვალინდელი დღის იმედს უჩენს — მათ აღარ მოუწევთ ფიქრი წარსულში აღებული ვალის გასტუმრებაზე.

ვალს ბიძინა ივანიშვილი და მისი ფონდი „ქართუ“ გადაიხდის დეკემბრის შუა რიცხვებამდე. სწორედ მან გამოისყიდა საქართველოს ყველა ბანკიდან იმ მომხმარებელთა სესხები, რომლებსაც ძირეული სესხი 2000 ლარზე ნაკლები ჰქონდათ და ერთი წელი მაინცაა, რაც ყოველთვიურ შესატანს ვეღარ იხდიან. 

ბახტაძე: 31 დეკემბრამდე 600 000 ათას მოქალაქეზე მეტი შავი სიიდან ამოვა და ვალი გაუნულდება

ვფიქრობ, ამით ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, კვლავ დაიბრუნებს ის პატივისცემა, რომელიც მის მიმართ ჰქონდა საქართველოს მოსახლეობას 2012 წლამდე. ოდნავ მაინც. ანუ ბიძინას სურს Come back.

ერთი შეხედვით, ეს მართლაც რომ შთამბეჭდავი ნაბიჯია, მაგრამ, მოდით, ერთხელ მაინც ნუ ვიქნებით აფექტურები და შექმნილ რეალობას კრიტიკული თვალით შევხედოთ.

ჩემი აზრით, „ქართუს“ არ მოუწევს გადაიხადოს მრავალჯერ ნათქვამი თანხა — 1.5 მილიარდი ლარი. იმიტომ, რომ ბანკებს ჯერ კიდევ სესხების გაყიდვამდე ჰქონდათ ჩამოწერილი ეს ვალი, რადგან მისი დაბრუნების იმედი სრულიად ჰქონდათ დაკარგული. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ივანიშვილის ფონდი აღნიშნულ ვალს შედარებით ნაკლებ ფასად შეისყიდის.

დიახ, ასეთია ჩემი სუბიექტური გათვლა-მოსაზრება. 

პროკურატურა ვალების ჩამოწერის საკითხს შეისწავლის

სოციუმის განწყობაზეც ვთქვათ ორიოდ სიტყვა. თქვენ გგონიათ, ბევრს მოსწონს შექმნილი ვითარება? პირადად მე არ მომწონს.

ვფიქრობ, რომ არავინ არ უნდა დაუფაროს სესხი იმას, ვინც ტოტალიზატორის, კაზინოს ან სხვა „მუღამის გასასწორებელი“ ქმედების გამო დაიდო ვალი. ამგვარი დახმარებით წახალისებული ბევრი ახალგაზრდა (და არა მარტო) კიდევ ერთხელ აიღებს ვალს და მერე ისევ ვიღაცის იმედად დაჯდება სახლში მომდევნო არჩევნების მოლოდინში.

ვფიქრობ, აუცილებლად კარგად უნდა გაიცხრილოს მევალეთა სია. ვიღაც-ვიღაცებმა პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ საკუთარ ქმედებაზე და, სხვა თუ არაფერი, ნამუსის გასუფთავებაზე მაინც იზრუნონ.

ჩემი რჩევა იქნება, ნუ ვიქნებით აფექტურები, ნუ ვიქნებით ზარმაცები და, რაც ყველაზე მთავარია, ნურასდროს დაველოდებით სხვას, ვინც მოვა და ოჯახში სიტუაციას დაგვილაგებს.

გახსოვთ, ილიამ რომ თქვა, ღმერთმა, რაც შესაძლებელი იყო, უკვე მოიღო ჩვენზე, ახლა თქვენ იცით და თქვენმა კაცობამაო.

ვიცით რო?!