ყალბი საბუთები და „კარუსელები“ - პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ჩინოვნიკები სამი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს სასამართლოში უჩივლებენ
Sputnik

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე მას შემდეგ, რაც ავტორიტეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გაყალბებისთვის მომზადებაში დაადანაშაულეს.

არასამთავრობო ორგანიზაციები ეყრდნობიან იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვინმე თანამშრომელს, რომელმაც მათ თითქოსდა უწყების მიერ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ უამბო. მისი თქმით, ეს ემსახურება არჩევნების გაყალბებას სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ, რომელსაც მხარს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ უჭერს.

„ყოველმხრივი და  სრულყოფილი გამოძიების უზრუნველსაყოფად, შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. საგამოძიებო უწყებაში უახლოეს პერიოდში საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი გამოიკითხება“, - აცხადებენ პროკურატურაში.

სასამართლომ ოპოზიციას არჩევნების თარიღის გადატანაზე უარი უთხრა

არასამთავრობოების ინფორმაციით, გეგმის თანახმად, თითო ადამიანზე დაიბეჭდება ხუთ-ხუთი პირადობის მოწმობა - სხვადასხვა სახელებით, გვარებით და პირადი ნომრებით, თუმცა ფოტო ერთი და იგივე ადამიანის იქნება.

„ამ პირის მონაცემები აისახება რამდენიმე საარჩევნო უბნის საარჩევნო სიაში და შესაბამისად, შესაძლებელი იქნება ერთმა ადამიანმა სხვადასხვა პირადობით რამდენიმე უბანზე მისცეს ხმა, რაც ე.წ. „კარუსელის” პრინციპით ხმის მიცემას წარმოადგენს“, – აცხადებენ არასამთავრობოები.

იქვე აღნიშნულია, რომ წყაროს არ გააჩნია ინფორმაცია, რამდენად მასშტაბურია აღნიშნული გეგმა.

„მისი თქმით, პირადობის მოწმობები სააგენტოს რამდენიმე ტერიტორიულ სამსახურში იბეჭდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

 „შავი სიის“ გათეთრების თეორია და პრაქტიკა... ანუ ვისთვის და როგორ?! >>

აღნიშნულ პროცესს თითქოს ხელმძღვანელობენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძე და იმავე სააგენტოს შიდა აუდიტის უფროსი ბეჟან ობგაიძე.

„ყალბი დოკუმენტების დამზადება და არჩევნების გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია. მსგავს ქმედებებს საარჩევნო გარემოსთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენება და არჩევნების ლეგიტიმურობის კითხვის ქვეშ დაყენება შეუძლია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადება გაავრცელეს ისეთმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, როგორიცაა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და „სამართლიანი არჩევნები“.

რამდენად აწყობს ოპოზიციის გამარჯვება „ქართულ ოცნებას"

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს და მათგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს.

„მინდა განვაცხადო, რომ მე, სოსო გიორგაძე და ასევე ჩემი თანამშრომელი ბეჟან ობგაიძე, ეკა გიგაურის, ირმა პავლიაშვილისა და მიშა ბენიძის წინააღმდეგ, საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის სასამართლოში სარჩელს შევიტანთ. ეს არის ბრალდება, რომელსაც ვერაფრით შევეგუები“, – განაცხადა სოსო გიორგაძემ.

ყველა ბრალდებას მან სიცრუე უწოდა.

„ბრალდება, რომ ჩვენ საარჩევნოდ ყალბ პირადობებს ვბეჭდავთ თავისთავად არის ყალბი. ძალიან მინდა, რომ ადამიანები, ვინც დღეს ამაზე ძალიან ღიად საუბრობდნენ, ასევე ღიად მიაწოდებენ ფაქტებს და არგუმენტებს საგამოძიებო ორგანოებს, რომლებსაც აქვთ ვალდებულება გაარკვიონ სიმართლე”, – განაცხადა გიორგაძემ.

კომენტარი უკვე გააკეთა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელმა.

„ჩვენ არ ვიცით და არც დაგვიზუსტებია, ძველი პირადობის მოწმობები იბეჭდება თუ ახალი. ეს უნდა დაადგინოს პროკურატურამ, ჩვენ არ ვართ საგამოძიებო ორგანო. როგორც ვიცი, ძველი პირადობის საბეჭდი აპარატები არის რეგიონებში“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

ბილბორდები ზურაბიშვილის გარეშე: რა მოუტანა „ქართულ ოცნებას" ახალმა სტრატეგიამ >>

28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით, 25 კანდიდატიდან 50%-იანი ზღვარი ვერცერთმა ვერ გადალახა, ამიტომ ქვეყანაში მეორე ტური ჩატარდება.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება. საქართველოს მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება მოუწევს სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის, რომელიც ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატია.