ფინანსთა მინისტრი: „შავ სიაში" მყოფთა ვალებს ფონდი „ქართუ" დაფარავს

მაჭავარიანის განმარტებით, მოქალაქეებს 3 დეკემბრიდან შეუძლიათ სპეციალურ ვებ-გვერდზე შეამოწმონ, შეეხებათ თუ არა ვალების ჩამოწერა.
Sputnik

თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. მილიარდ-ნახევრამდე ლარის დავალიანებას სრულად დაფარავს ფონდი „ქართუ", რომელიც ამ ვალებს ყიდულობს, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით მთავრობის ახალ ინიციატივაზე საუბრისას.

600 ათასზე მეტი მოქალაქე ახალ წელს საბანკო დავალიანების გარეშე შეხვდება>>>

დღეს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ახალი ინიციატივა გაახმოვანა, რომლის თანახმად, საქართველოს ხელისუფლება საბანკო დავალიანებას იმ მოქალაქეებს დაუფარავს, რომლებიც ე.წ. შავ სიაში არიან მოხვედრილი. „შავ სიაში“ შედიან ადამიანები, რომლებიც დროულად არ ფარავენ საბანკო დავალიანებებს, რა დროსაც გროვდება დიდი ჯარიმები და ვალის მთლიანი მოცულობა იზრდება.

პრემიერ ბახტაძის განცხადებით, საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება. ვალების განულების პროცესი დაიწყება 15 დეკემბერს და 31 დეკემბრამდე დასრულდება.

მითი თუ რეალობა – მთავრობა სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარებას 50 ლარამდე გაზრდის

„დაახლოებით 700 ათასი ადამიანია „შავ სიაში“ შეყვანილი. ეს საქართველოს შრომისუნარიანი მოსახლეობით დაახლოებით მესამედია. და ეს მესამედი ეკონომიკური ცხოვრებისგან მოწყვეტილი იყო. ამ ადამიანებს არანაირი მოტივაცია არ ჰქონდათ ეშოვათ სამსახური, რამდენადაც ეს ტვირთი მათ ხელს უშლიდა ეკონომიკურ მოღვაწეობაში ჩართულიყვნენ“, - განაცხადა მინისტრმა.

მისი განმარტებით, უპასუხისმგებლო დაკრედიტებას რთულ სოციალურ-ეკონომიკურ შედეგები მოჰყვა.

„ეს არის ზუსტად მოწყვლადი კატეგორია, უპასუხისმგებლო დაკრედიტება, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ეს ვალი გროვდებოდა არა 10, 20 და 100 ათასი ლარის გაცემით, ეს ხდებოდა 300-500 და მაქსიმუმ 1000 ლარის ფარგლებში, სწორედ ამან გამოიწვია ჭარბვალიანობა. შესაბამისად, ე.წ. შავ სიაში ამ კრიტერიუმებით მოხვდა 600 ათასი ადამიანი. ჭარბვალიანობის ძირითადი ბირთვი მათზე მოდის. ჯამში ჯარიმები და ძირი მილიარდ ნახევრამდე ლარია და ამ თანხას სრულად ფარავს ფონდი „ქართუ”, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

ახალი ინიციატივა, რომელიც ვალების ჩამოწერას გულისხმობს, არ შეეხება ონლაინ-სესხების კომპანია Vivus-ის კლიენტებს.

„Vivus-მა ჩემთვის გაუგებარი მიზეზებით უარი განაცხადა მონაწილეობაზე“, – აღნიშნა მინისტრმა.

ყველაფერი ან არაფერი: „ოცნების“ მიერ „შავი პიარის“ საპირწონედ გაღებული ნებისმიერი პირობა>>>

მაჭავარიანის განმარტებით, 3 დეკემბრიდან მოქალაქეებს სპეციალურ ვებ-გვერდზე შეუძლიათ შეამოწმონ, შეეხებათ თუ არა ვალების ჩამოწერა.

როგორც მინისტრი აღნიშნავს,  სამომავლოდ  თუ მოქალაქე მოხვდება ე.წ. შავ სიაში, არ ნიშნავს, რომ ვინმე მის ნაცვლად სესხს დაფარავს და საბანკო დავალიანებების ჩამოწერასთან დაკავშირებული ინიციატივა არ ნიშნავს, რომ მომავალში სესხის გადახდა არ უნდა მოხდეს.

„ეს ინიციატივა არ ნიშნავს, რომ მომავალში სესხის გადახდა არ მოხდეს. ამას არავინ წაახალისებს. ეს არის ერთჯერადი ფაქტი, რომელიც მიბმულია იმასთან, რომ შეიცვალა თამაშის წესები. მომავალი თამაშის წესები გამორიცხავს ასეთი დოზით ჭარბვალიანობას. თუ ვინმე სამომავლოდ მოხვდება ე.წ. შავ სიაში, არ ნიშნავს, რომ ვინმე მის მაგივრად გადაიხდის. ეს უნდა იცოდეს როგორც ჩვენმა მოსახლეობამ, ისე საბანკო სფერომ და ფინანსურმა ინსტიტუტებმა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პოლიტიკიდან 2013 წელს წავიდა, აქტიურ პოლიტიკაში მიმდინარე წლის მაისში დაბრუნდა. მან  პარტიის თავმჯდომარის პოსტი დაიკავა. ივანიშვილმა რამდენიმე მიზეზი დაასახელა, რომლის გამოც მან პოლიტიკაში დაბრუნება გადაწყვიტა, მათ შორის, ფინანსური ინსტიტუტების წინაშე  საზოგადოების დავალიანების არსებობა.

საბანკო დავალიანებების შესახებ საუბარი იყო გაეროს ბავშვთა ფონდის 2017 წლის კვლევაში, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში გასაჯაროვდა.