შსს–მ თბილისში რუსეთის 20 წლის მოქალქე ნარკოდანაშაულზე დააკავა

ბრალდებული რამდენიმე კვირის განმავლობაში, თბილისის სხვადასხვა უბანში სამალავებში ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას რეალიზაციის მიზნით ტოვებდა
Sputnik

თბილისი, 18 ნოემბერი  – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება-შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ბრალდებით რუსეთის 20 წლის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიების ინფორმაციით, გ.ბ. რამდენიმე კვირის განმავლობაში, თბილისის სხვადასხვა უბანში მოწყობილ სპეციალურ სამალავებში ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას რეალიზაციის მიზნით ტოვებდა.

ფოთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილსში, პეტრე-პავლეს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 14 სამალავიდან რეალიზაციისთვის გამზადებული 14 შეკვრა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება „ბიო“ ამოიღეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სავარაუდოდ, სარეალიზაციოდ გამზადებული 5 შეკვრა „ბიო“ ამოიღეს. ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია ქალაქის სხვადასხვა ადგილის ამსახველი ფოტომასალა და რუკა, ლოკაციების მითითებით.

თბილისში ნარკოდანაშაულისთვის სამი პირი დააკავეს >>

გამოძიება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება-შეძენა-შენახვის და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გასაღების მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 19-260-ე მუხლის მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

დანაშაული 6-დან 11-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.