საქართველოში 2019 წლიდან  წამლის სააგენტო ამოქმედდება

წამლების ხარისხზე კონტროლს ახალი სამსახური განახორციელებს 
Sputnik

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში 2019 წლიდან  წამლის სააგენტო ამოქმედდება, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

მინისტრის თქმით, სააგენტოს ძირითადი ფუნქცია წამლების კონტროლი და მისი ამაღლება იქნება.

სააფთიაქო ნარკომანიის ლობირების ბრალდებით დაკავებული თვალავაძე საავადმყოფოში მოათავსეს >>

„ჩვენ გვაქვს როგორც საერთაშორისო ვალდებულება, ასევე საჭიროება, რომ ქვეყანაში შეიქმნას GMP-ის ნაციონალური ინსპექტორატი. ეს არის კარგი საწარმო პრაქტიკა, რომელიც ამოწმებს ადგილობრივ ფარმაცევტულ წარმოებას და ანიჭებს შესაბამის სერთიფიკატს“, – განაცხადა სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მომავალი სააგენტოს თანამშრომლები უკვე გადამზადდნენ.

სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტების ჩამონათვალი გაიზრდება

„ეს იქნება დამოუკიდებელი ერთეული, რომლის ძირითადი ამოცანა არის წამლის ხარისხის კონტროლი“, - აღნიშნა სერგეენკომ.

მანამდე სერგეენკომ განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო დაიწყებს ახალი სტანდარტების დანერგვას, რათა გაკონტროლდეს როგორც იმპორტირებული, ისე ქვეყანაში წარმოებული მედიკამენტების ხარისხი. კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტრო აპირებს GMP („კარგი საწარმოო პრაქტიკა“) და GDP („კარგი დისტრიბუციის პრაქტიკა“) სტანდარტების დანერგვას.

GMP/GDP სტანდარტების დანერგვა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის შემოთავაზებული, რამდენიმე ეტაპს მოიცავს. მათ შორის პირველი ეტაპია GMP-ს ნაციონალური ინსპექტორატის ჩამოყალიბება.

საქართველოში ქრონიკულ დაავადებათა მქონე ადამიანებისთვის წამლები გაიაფდება >>

GMP/GDP-ს დანერგვით საქართველო აღიარებს ევროკავშირის სტანდარტებს ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხის კონტროლის მიმართულებით. აღნიშნული სტანდარტების დანერგვა ხელს შეუწყობს ფარმაცევტული სექტორის გაძლიერებასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.