ამის შესახებ „Sputnik-საქართველოს“ ესაუბრა ექსპერტი სურსათის საკითხებში ლია ბერიკაშვილი.
ბიზნესი მომხმარებლების ხარჯზე
საქართველოში 2004 წელს სურსათის უვნებლობის შემოწმებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზა გააუქმეს. სახელმწიფომ კვების პროდუქტების შემოწმების უფლება დაკარგა.
„გასაგებია, რომ იმ მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება ბიზნესის ინტერესებში მიიღო. კარგად გვესმის, რომ რაც ნაკლები რეგულაციაა, მით უფრო ვითარდება ბიზნესი, მაგრამ ეს მომხმარებლების ხარჯზე მოხდა. ვისაც რა უნდოდა, იმას აკეთებდა. შემოჰქონდათ პროდუქტები, ყველამ კარგად იცოდა, რომ საქართველოში მის ხარისხს არავინ შეამოწმებდა. 2012 წლიდან საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბება დაიწყეს. ამ კუთხით ძალიან დიდი ჩავარდნა გვაქვს და სიტუაციის სწრაფი გამოსწორება ძალიან რთულია“, - განაცხადა ბერიკაშვილმა.
საკანონმდებლო ბაზა უკვე მიღებულია რძისა და ხორცის პროდუქტებთან დაკავშირებით. კანონი უკვე მიღებულია, დადგენილია წესები, თუ როგორ უნდა დაიკლას პირუტყვი, შემოწმდეს პროდუქტი და გაიცეს სერტიფიკატი. რძის პროდუქტებთან დაკავშირებით დადგენილია, რომ თუ პროდუქტი არ არის წარმოებული რძისგან, მწარმოებლებს არ აქვთ უფლება ეტიკეტზე დააწერონ „ხაჭო“, „მაწონი“ და ა.შ.
„მთავარია, რომ მწარმოებლებმა არ მოატყუონ მომხმარებლები. კანონით დაშვებულია პროდუქტის დამზადება მცენარეული ცხიმების გამოყენებით, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა იყოს მითითებული პროდუქციის შემადგენლობაში. თუ მითითებული არ არის, ეს უკვე ფალსიფიცირებაა“, - აღნიშნა ბერიკაშვილმა.
ქართულმა კომპანიებმა ასე თუ ისე შეძლეს და განაცალკევეს ერთმანეთისგან რძეზე დამზადებული პროდუქცია და რძის ფხვნილსა და მცენარეულ ცხიმზე დამზადებული პროდუქცია.
„ყველთან დაკავშირებით კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს. ჩვენ, მომხმარებლებმა უნდა ვისწავლოთ პროდუქტის შემადგენლობის წაკითხვა. თუ რძის, ხაჭოს, მაწონისა და სხვა პროდუქტების შემადგენლობაში მცენარეული ცხიმი იქნება მითითებული, ეს უკვე რძის პროდუქტი არ არის. მასში მცენარეული ცხიმი არ უნდა იყოს. ხოლო თუ მასში შედის მცენარეული ცხიმი, არ უნდა ეწეროს, რომ ეს რძის პროდუქტია. არ შეიძლება მომხმარებლების მოტყუება“, - განაცხადა ბერიკაშვილმა.
მედიაში ხშირად ვნახავთ რჩევებს იმასთან დაკავშირებით, როგორ ამოვიცნოთ ფალსიფიცირებული პროდუქტი. მაგალითად, ყველი. ამბობენ, რომ იმისათვის, რომ ამოვიცნოთ, არის თუ არა ყველაში პალმის ზეთი, ის ორი საათით მაგიდაზე უნდა დავტოვოთ. ნატურალური ყველა გაშრება, ხოლო ფალსიფიცირებული ცხიმს გაუშვებს და გასკდება.
„ასე ვერაფერს დაადგენთ. ნუ ჩავატარებთ ექსპერიმენტებს. იმისათვის, რომ დავადგინოთ, შეიცავს ყველი პალმის ზეთს თუ არა, ლაბორატორიული კვლევა უნდა ჩატარდეს. ასეთი ადვილი რომ ყოფილიყო პროდუქტის ფალსიფიცირებულობის დადგენა, ლაბორატორიული კვლევა იქნებოდა საჭირო? ეს აბსურდია“, - განაცხადა ბერიკაშვილმა.
ეს ხიზილალაა?
ფალსიფიცირებული პროდუქტების სიაში ხშირად ხვდება ერთ-ერთი ძვირადღირებული პროდუქტი - ხიზილალა. მას ხშირად არომატიზატორების დამატებით წყალმცენარეებისგან და ჟელატინისგან ამზადებენ. სამწუხაროდ, სხვა პროდუქტების მსგავსად, ლაბორატორიული კვლევის გარეშე მისი ნამდვილობის დადგენა შეუძლებელია.
„რაც შეეხება თევზს, ეს არის საკმაოდ პრობლემური პროდუქტი, რადგან ძალიან მალე ფუჭდება. მეც კი მიჭირს გავერკვიო, რომელი თევზი შევიძინო, რომ ხარისხში არ შევცდე. ერთადერთი, თევზის შეძენა უმჯობესია სავაჭრო ცენტრებში და არა ღია ადგილებში, სადაც ჰიგიენის ელემენტარული ნორმები არ არის დაცული“, - აღნიშნა ბერიკაშვილმა.
ვირის ხორცი - დელიკატესი თუ საწამლავი
ხშირად საქართველოს ბაზრებში ვირის ხორცს საქონლის ხორცად ასაღებენ. ბერიკაშვილის თქმით, სხვა განვითარებულ ქვეყნებში ვირის ხორცი შეიძლება იყოს დელიკატესი, მაგრამ არა საქართველოში.
ცხენისა და ვირის ხორცი თბილისში დამზადებულ ნახევარფაბრიკატებში - ობიექტების ჩამონათვალი >>
„საქართველოში ვირს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაკლავენ, თუ ის დაავადდა. ასე რომ, რაც არ უნდა იყოს დელიკატესი ვირის ხორცი, საქართველოში ეს საწამლავია“, - აღნიშნა ბერიკაშვილმა.
ექსპერტი მოუწოდებს მომხმარებლებს არ შეიძინონ საეჭვო წარმომავლობის და წარმოების პროდუქტები და მაშინ პროდუქციის რეალიზატორები იძულებულნი გახდებიან ასეთ კომპანიებთან თანამშრომლობაზე უარი თქვან.