ანტიბიოტიკები შესაძლოა მალე უსარგებლო გახდეს

საქართველო ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეულს შეუერთდა
Sputnik

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. ანტიბიოტიკებმა რაღაც მომენტში შეიძლება მოქმედება შეწყვიტონ, რადგან ვირუსების შტამები დროთა განმავლობაში უფრო მდგრადი ხდება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

უფასო აცრა ნოემბერში: როდის და სად გაკეთდება უფასო იმუნიზაცია >>

გამყრელიძე სიტყვით გამოვიდა ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეულის ფარგლებში გამართული ღონისძიების გახსნაზე. წლევანდელი სლოგანია „დრო არ ითმენს – ანტიბიოტიკების ერა შეიძლება დასრულდეს“.

„საქართველო ამ ღონისძიებას რამდენიმე წლის წინ შეუერთდა, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი ვიცოდეთ ანტიბიოტიკების შესახებ. ანტიბიოტიკების შექმნა მსოფლიო მედიცინის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი გარღვევაა. ანტიბიოტიკებმა მილიონობით ადამიანს სიცოცხლე შეუნარჩუნა, მაგრამ ამავე დროს ბოლო წლებში რეზისტენტული შტამების ფორმირების კუთხით სერიოზულ თავის ტკივილად იქცა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ეს მედიცინის სფეროში უზარმაზარ პრობლემად შეიძლება იქცეს.

„ამ ყველაფრის შედეგად ანტიბიოტიკებმა რაღაც მომენტში შესაძლოა მოქმედება შეწყვიტონ, მაშინ კი უამრავი სერიოზული პრობლემა გაჩნდება“, - ხაზგასმით აღნიშნა გამყრელიძემ.

უცხოელმა ექსპერტებმა ლუგარის ცენტრის „საიდუმლო“ შეიტყვეს

ანტიბიოტიკების რეზისტენტულობის საკითხი ქართველმა სპეციალისტებმა განიხილეს უცხოელ კოლეგებთან ერთად - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ვოლტერ რიდის სამხედრო კვლევითი ინსტიტუტის (WRAIR), აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის წევრებთან და აღნიშნული სფეროს სხვა ექსპერტებთან ერთად.

ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეული ჯანმო-ს ინიციატივით 2015 წლიდან იმართება. სპეციალისტების მთავარი ამოცანაა - ანტიბიოტიკების როგორც კაცობრიობის ღირებული რესურსის შენარჩუნება.

სპეციალისტები მოუწოდებენ მედიკოსებსა და მოსახლეობას ახსოვდეთ, რომ ჯანმრთელ ადამიანებს, ცხოველებსა და მცენარეებს ანტიმიკრობული საშუალებები არ სჭირდებათ.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეული ანტიბიოტიკების გონიერი გამოყენების პროპაგანდაში ჩართვის უნიკალურ შესაძლებლობად მიიჩნიეს.