სენაკელი მოსწავლეების გამოგონება: შექმნილია შშმ პირებზე მზრუნველი რობოტი

გამარჯვებული მოსწავლეები აშშ-ში NASA-ს კოსმოსურ ცენტრში გაემგზავრებიან.
Sputnik

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. სენაკის ალექსი შუშანიას სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა  გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურს „ლეონარდო და ვინჩიში“ გაიმარჯვეს, იუწყება ImediNews-ი.

ქართველმა მოსწავლეებმა ვირუსებისა და ბაქტერიების წინააღმდეგ ფარი გამოიგონეს

გამარჯვებული მოსწავლეები აშშ-ში NASA-ს კოსმოსურ ცენტრში გაემგზავრებიან. 

როგორც მენტორი დავით სონღულაშვილი ამბობს, ბავშვებმა გამოიგონეს რობოტი, რომელსაც აქვს უნარი, მოემსახუროს და იზრუნოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე.

„მაგალითად, უსინათლო პირს სჭირდება კორვალოლი. არის სპეციალური კარადა, რომელსაც პირი ეუბნება, რომ მას სჭირდება წამალი. რობოტი უსხამს კორვალოლს. ასევე შესაძლებლია, უთხრას, რამდენი წვეთი სჭირდება, რობოტი ითვლის წამლის წვეთებს და აძლევს შშმ პირს“, — ამბობს სონღულაშვილი.

მისი თქმით, სენაკელი ნორჩი გამომგონებლების აპარატი გამოადგებათ იმ პირებსაც, რომლებსაც დაქვეითებული აქვთ მეტყველების უნარი. მათ შეუძლიათ ანახონ  რობოტს სპეციალური ბარათი, რომლის მეშვეობითაც აპარატი ამოიცნობს, რომელი წამალი სჭირდება ავადმყოფს.

დავით სონღულაშვილის თქმით, ეს სრულიად უნიკალური პროექტია.

აღსანიშნავია, რომ სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები NASA-ს კოსმოსურ ცენტრში გასულ წელსაც იმყოფებოდნენ, როდესაც მათ მეწყერსაშიში ზონებისთვის შეტყობინების სისტემის გამოგონებით ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გაიმარჯვეს.