საახალწლო „საჩუქარი“?!. ანუ რატომ გადაიდო საბანკო შეზღუდვები

ხელისუფლება დათანხმდა კომერციული ბანკების მოთხოვნას და საბანკო რეგულაციების ამოქმედება გადადო. რატომ? უკავშირდება თუ არა ეს გადაწყვეტილება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და რაზე შეთანხმდნენ საფინანსო სექტორში?
Sputnik

გიორგობისთვის 15 რიცხვი გათენდა და ქვეყნის საფინანსო სექტორი თამაშის წესების ცვლილებას ელოდა. ძალაში უნდა შესულიყო კომერციული ბანკებისა თუ სესხის გამცემი სხვა იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის დაწესებული, ორი კვირის ვადით ერთხელ უკვე გადავადებული რეგულაციები.

მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის მაისისა და აგვისტოს თვეებში რეგულაციების ერთი ნაწილი ამოქმედდა, იყო მოლოდინი, რომ ჭარბვალიანობასთან მთავრობისა და ეროვნული ბანკის ერთობლივი ბრძოლის მესამე ეტაპიც დათქმულ დროს დაიწყებოდა. ცვლილებათა პაკეტი დიდი ხნით ადრე იყო ცნობილი. ის კომერციული ბანკების მიერ სესხის გადახდისუნარიანობის შეფასების ნორმების გამკაცრებას, სესხის ყოველთვიური მომსახურების ლიმიტების დადგენასა და სხვადასხვა ტიპის სესხების მაქსიმალური ვადების განსაზღვრას მოიაზრებდა.   

ახალი რეგულაციები სესხის გაცემაზე

არახალია, რომ მომხმარებელთა შემოსავლის უდიდესი ნაწილი სესხების მომსახურებაზე მიდის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, მოსახლეობის თითქმის 7 პროცენტი გადახდისუუნაროა. ვალაუვალობა აფერხებს ეკონომიკურ ზრდას, ჭარბვალიანობის შედეგად მსესხებელთა ერთი ნაწილი ქონების დაკარგვის საფრთხის წინაშეა, ნაწილმა უკვე დაკარგა ქონება. მიმდინარე წლის ცხრა თვის მონაცემებით, კომერციულმა ბანკებმა 155.3 მილინონი ლარის ქონება დაისაკუთრეს.

ეროვნული ბანკი იუწყება, რომ საანგარიშო პერიოდში დასაკუთრებული ქონების ღირებულების მოცულობით კომერციული ბანკების შვიდეულს 62.4 მილიონი ლარით „საქართველოს ბანკი“ ლიდერობს. მეორე პოზიციაზეა „თიბისი ბანკი“ 56.1 მილიონი ლარით. „საპატიო“ სამეულშია „ქართუ ბანკი“ 26.8 მილიონი ლარით. მეოთხე-მეშვიდე პოზიციებზე კი არიან „ვითიბი ბანკი“, „სილქროუდ ბანკი“, „ფინკა ბანკი“ და „ლიბერთი ბანკი“...

ავტობიზნესი ახალი ბარიერების წინაშე

საგულისხმოა, რომ კომერციული ბანკების მიერ მიმდინარე წლის ცხრა თვეში დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონების ჯამური ღირებულება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე 23.289 მილიონი ლარით ნაკლებია. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, სხვაობა გამოწვეულია არა მსესხებელთა გადახდისუნარიანობის გაუმჯობესებით ან ე.წ. პრობლემური იპოთეკური სესხების რაოდენობის შემცირებით, არამედ უშუალოდ ქონების, განსაკუთრებით, უძრავი ქონების ფასების კლებით. მეტიც, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ქონების დაკარგვის კანდიდატთა რიცხვი სულ უფრო მზარდია. არსებული რეალობის გათვალისწინებით, როგორც ექსპერტ-ანალიტიკოსები აცხადებენ, მორიგი რეგულაციების შემოღება გარდაუვალი აუცილებლობაა.

კიიიდო?!. ანუ რა სარგებლობა მოაქვს ეროვნულ ბანკს

მიუხედავად იმისა, რომ მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ დიდი ხნით ადრე იყო ცნობილი, დათქმული თარიღის მოახლოებასთან ერთად კომერციული ბანკების მხრიდან სულ უფრო ხშირად გაისმოდა რეგულაციების გადავადების მოთხოვნა. საბანკო სფეროს სპეციალისტები კრედიტების მოცულობის შესაძლო შემცირებით აპელირებდნენ, აცხადებდნენ, რომ საკრედიტო რესურსის მომხმარებელთა დიდ ნაწილს სესხის აღება გაურთულდებოდა, რაც გააძვირებდა კომერციული ბანკების მიღმა დარჩენილ თავისუფალ ფულად მასას. რეგულაციების გადავადება დაეხმარებოდა საბანკო სექტორს და მომხმარებელს მზადყოფნაში შეხვედროდა ახალ რეალობას. ანალიტიკოსები კი იზიარებდნენ ეროვნული ბანკის პოზიციას, რომლის თანახმად, საფინანსო სექტორსა და მომხმარებლებს ადაპტირებისთვის დრო საკმარისზე მეტი ჰქონდათ. ექსპერტების აზრით, რეგულაციები პირველ ეტაპზე შეამცირებდა საცალო დაკრედიტებას, რასაც ზეგავლენა ექნებოდა ეკონომიკურ ზრდაზეც, მაგრამ შედარებით თანაბარზომიერს გახდიდა დაკრედიტების ტემპებს. მათივე შეფასებით, არსებითი პრობლემა ის არის, რომ საფინანსო სექტორს უჭირს გადასვლა ე.წ. ბიზნესზე მორგებულ დაკრედიტების თანამედროვე მოდელზე, სადაც წამყვანი ფაქტორი არ იქნება მხოლოდ სესხის უზრუნველყოფის მიზნით „ჩადებული“ უძრავი ქონების ღირებულება. ანალიტიკოსები იზიარებდნენ კომერციული ბანკების მესვეურთა პოზიციას, რომ საცალო დაკრედიტება ასტიმულირებს მოხმარებას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას, მაგრამ იქვე დასძენდნენ, რომ დაკრედიტების მაღალი და თანაც მზარდი ტემპებისას სამომხმარებლო კრედიტის დონის ზრდა, როცა ის უკვე შემოსავლების დიდ ნაწილს იკავებს, პირიქით, ამცირებს მოხმარებას და მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპს. ასევე მატულობს ჭარბი დავალიანების რისკი. ამას ემატება არაფორმალური სექტორის მაღალი ხვედრითი წილი. სწორედ ეს არის მთავარი დილემა, რაც ხელს უშლის ეკონომიკის ზრდას და არა რეგულაციებზე გადასვლა.

უძირო ფსკერის ძიებაში, ანუ სანამდე „ჩაყვინთავს“ ლარი...

ანალიტიკოსების უმრავლესობის შეფასებით, გადაჭარბებულია და არალოგიკურია მოსაზრება, რომ სესხების რაოდენობა განახევრდება. მათივე აზრით, სისტემური რისკები არათუ გაიზრდება, პირიქით, შემცირდება, კრედიტს, უბრალოდ, ვეღარ აიღებს ის მოქალაქე, რომლის შემოსავალიც მცირეა და საბანკო ვალდებულების გასტუმრებისთვის დადგენილ ნორმას ვერ დააკმაყოფილებს. ექსპერტების დიდმა ნაწილმა უკიდურესად დაძაბულ წინასაარჩევნო პერიოდში კომერციული ბანკების მხრიდან რეგულაციების გადავადების მოთხოვნა გარკვეულწილად ხელისუფლების მისამართით გაჟღერებულ ულტიმატუმად შეაფასა. იყო მოსაზრებაც, რომ დათმობაზე არავინ წავიდოდა ჩვენში არსებული ანტისაბანკო განწყობების გამო...

მოვლენათა განვითარებამ დაგვანახა, რომ ერთია, რას ფიქრობდნენ ექსპერტ-ანალიტიკოსები და მეორეა, რამდენად მტკიცე და პრინციპული იყო ხელისუფლება თავის გადაწყვეტილებაში. ცალკე მსჯელობის საგანია – მთავრობასა და ეროვნულ ბანკში რეგულაციების ამოქმედების ვადების კორექტირებისათვის იმთავითვე იყო თუ არა მზადყოფნა. ფაქტია, რომ საბანკო სექტორმა თავისი გაიტანა და ახალი რეგულაციების ამოქმედება მომავალი წლის 1 იანვრისთვის გადაიდო. უკავშირდება თუ არა ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, ძნელი სათქმელია, თუმცა ისიც ფაქტია, რომ მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მმართველმა პარტიამ სასურველ შედეგს ვერ მიაღწია, ამ საკითხში უკან დაიხია. არც ის არის უცხო, რომ საფინანსო სექტორის გავლენა პოლიტიკაზე საკმაოდ ძლიერია.

ეროვნული ბანკი უკვე 2019 წლის 1 იანვრიდან ასამოქმედებელ რეგულაციებთან დაკავშირებით კითხვა-პასუხის ფორმატით ინფორმაციას აქვეყნებს. რა უნდა ვიცოდეთ, ანუ ხშირად დასმული კითხვები...

დაინტერესებულ მკითხველს ვურჩევ გაეცნოს!