კახეთის საგზაო სამმართველო მძღოლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

თოვისა და ყინვის გამო ტრანსპორტის მოძრაობა საავტომობილო გზების ზოგიერთ მონაკვეთზე გართულებულია.
Sputnik

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. გომბორის უღელტეხილზე მოსული თოვლის გამო კახეთის საგზაო სამმართველო მძღოლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს, იუწყება ტელეკომპანია Imedi

უამინდობამ საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა>>>

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო მაგისტრალის მონაკვეთზე თოვა გუშინ დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, გომბორის მიმართულებით მოძრაობა თავისუფალია, თუმცა ყინვისა და თოვლის გამო გზა ინტენსიურად იწმინდება.

„გათენებიდან ვმუშაობთ და ვცდილობთ მაგისტრალზე შეფერხება არ იყოს, თუმცა, შუამთის მონაკვეთიდან უკვე ინტენსიურად თოვს. აუცილებელია სიფრთხილე, რადგან გომბორზე ყინავს. თოვის გამო გზა ინტენსიურად იწმინდება. მძღოლებს მოვუწოდებთ, ზამთრის საბურავი გამოიყენონ", – აცხადებენ სამმართველოში.

მეორე დღეა თოვს კოჯორში, ტაბახმელასა და ბეთანიაში. ასევე მოთოვა საქართველოს მთიან რეგიონებშიც. თოვისა და ყინვის გამო ტრანსპორტის მოძრაობა საავტომობილო გზების ზოგიერთ მონაკვეთზე გართულებულია.

სინოპტიკოსები თოვის გაძლიერებას მომავალ დღეებშიც ვარაუდობენ. არამდგრადი ამინდები კი 17 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.