თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. გორში 480 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ანწუხელიძის ქუჩის პირველ ნომერში მცხოვრები ოჯახებისთვის ბინების დაკანონება დღეიდან იქნება შესაძლებელი.
ვის დაუფარავს სახელმწიფო იპოთეკურ სესხს>>>
დევნილი ოჯახების გრძელვადიანი განსახლების მიზნით გორში რვა ათსართულიანი კორპუსის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო. 480 ბინიდან 160-ერთოთახიანია, 240-ოროთახიანი, 80 კი სამოთახიანი.
იმისთვის, რომ მოხდეს დაკანონება ან ახალი ფართების მიღება, დევნილებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებით უნდა მიმართონ.
2013 წლიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით საცხოვრებელი ფართი 17 ათასზე მეტ დევნილ ოჯახს დაუკანონდა.
დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან — აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 267 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია.
საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.