თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. ქუთაისში გაიხსნა გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალის ახალი სამედიცინო ცენტრი, რომელიც დასავლეთ საქართველოში დისლოცირებულ სამხედრო მოსამსახურეებს მოემსახურება, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ახალი სამედიცინო ცენტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საზეიმოდ გახსნეს. პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც 1 700 000 ლარი სამედიცინო აპარატურით აღჭურვას მოხმარდა.
სამხედრო ჰოსპიტალი გორში ჯერ კიდევ 2007 წელს ქალაქ გორში გაიხსნა.
„ძალიან მნიშვნელოვანია ამ ცენტრის გახსნა ქუთაისის და მთლიანად, დასავლეთ საქართველოსთვის, რადგან აქ დისლოცირებულ სამხედროებს სამკურნალოდ აღმოსავლეთ საქართველოში ჩასვლა უწევდათ. ძალიან მოკლე ვადაში მოხდა ამ ცენტრის გაკეთება. შვიდ თვეში მივიღეთ ჩვენ ეს ობიექტი, რომელიც დასტურია იმისა, რომ სწორი დაგეგმვის შემთხვევაში ასეთ ობიექტების გახსნა შეიძლება ძალიან მოკლე პერიოდში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერის თქმით, ცენტრის მომსახურებით სამხედრო მოსამსახურეების გარდა, მათ ოჯახის წევრებიც ისარგებლებენ. სამხედრო ჰოსპიტალი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით. მამუკა ბახტაძემ ასევე განაცხადა, რომ საავადმყოფოს მშენებლობა სამხედოებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესების სტრატეგიის ნაწილია, რომელთა ფარგლებში 2019 წლიდან ასევე იგეგმება წოდების მიხედვით ხელფასების გაზრდა და საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა.
თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ სამედიცინო ცენტრის აშენება სამხედროების თხოვნით მოხდა და გადაწყვეტილება ორი წლის წინ იყო მიღებული.
„ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახლავთ სამხედრო მოსამსახურეებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის სოციალური პირობების მაქსიმალურად გაუმჯობესება. სწორედ ამ პოლიტიკის ფარგლებში, ჩვენ გამოკითხვა ჩავატარეთ სამხედრო მოსამსახურეებთან, რის შედეგადაც დავადგინეთ პრიორიტეტული საჭიროებები. განსაკუთრებული მოთხოვნა იყო ისეთი ტიპის სამედიცინო ცენტრის არსებობა დასავლეთ საქართველოში, როგორიც აღმოსავლეთ საქართველოშია. ორი წლის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება, დასავლეთ საქართველოშიც გვქონოდა თანამედროვე, მაღალი ტექნოლოგიების სამედიცინო ცენტრი“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, უახლოეს დროს სოფელ წეროვანში კიდევ ერთი სამედიცინო ცენტრის მშენებლობა იგეგმება, რომელიც დაჭრილი ქართველი სამხედროების რეაბილიტაციისთვის იქნება განკუთვნილი.