ამბავი 16 წლის მეთუნე ბიჭისა

სოფელ ბოსლევის მკვიდრი ლაშა მახათაძე წინაპრების ტრადიციას აგრძელებს.
Sputnik

სოფელი ბოსლევი ზესტაფონის რაიონში მდებარეობს. გორებზე შეფენილი სოფელი მრავალფეროვნებით და განსაკუთრებული ნიადაგით გამოირჩევა. მისი ისტორიის თხრობა შორს წაგვიყვანს, ამიტომ სოფლის მკვიდრზე, ერთ საოცარ ბიჭზე მოგიყვებით, რომელიც ბოსლევის ისტორიას დღემდე აგრძელებს.

სოფელში 16 წლის ლაშა მახათაძე ერთადერთი ადამიანი აღმოჩდა, ვინც წინაპრების დანატოვარი ტრადიციის გაგრძელება ისურვა. კრამიტის მოჭრა შვიდი წლის ასაკში ბაბუამ ასწავლა. 13 წლის იყო, როცა პირველად დამოუკიდებლად მოჭრა და გამოწვა კრამიტი. ლაშა ბაბუას დაპირდა, რომ მის საქმიანობას სიცოცხლის ბოლომდე გააგრძელებს...

ამბავი 16 წლის მეთუნე ბიჭისა

ლაშა სოფელ ბოსლევის საჯარო სკოლაში სწავლობს. სწავლის პერიოდში ცდილობს საქმე ისე შეუთავსოს სწავლას, რომ ამ ორმა ერთმანეთს ხელი არ შეუშალოს. როცა სკოლიდან დაითხოვენ და არდადეგები იწყება, ლაშა აქტიურად იწყებს კრამიტზე მუშაობას.

„მეთუნეობა ბაბუისგან ვისწავლე. როცა პატარა ვიყავი, სულ უკან დავდევდი, ისიც ისეთ საქმეს მავალებდა, რაც ჩემთვის ადვილი შესასრულებელი იყო. როცა წამოვიზარდე, უკვე სერიოზულად მივუდექი ამ საქმეს. 13 წლის ვიყავი, როცა პირველად დამოუკიდებლად მოვჭერი კრამიტი. თავიდან ისე არ გამომდიოდა, როგორც საჭირო იყო, მაგრამ გული არ ამიცრუებია. დროთა განმავლობაში კარგად დავეუფლე ხელობას. ბაბუა ამით ბედნიერი იყო, უნდოდა, რომ ეს პროფესია არასოდეს გამქრალიყო. სანამ გარდაიცვლებოდა, შევპირდი, რომ მის საქმიანობას სიცოცხლის ბოლომდე გავაგრძელებდი და ჩემ შვილებსაც ვასწავლიდი“, – ამბობს ლაშა.

მეთუნეობა თავიდან რთულად ეჩვენებოდა. ეჭვობდა, რომ ვერ შეძლებდა ამ საქმის გაგრძელებას, თუმცა სასურველ შედეგს მიაღწია და ყველაფერი პირნათლად შეისწავლა. ახალა უკვე აღარ უჭირს, მიწასაც თვითონ იღებს, ზელს, ყალიბით ჭრის და აშრობს. თქვენ წარმოიდგინეთ, უკვე კრამიტით სახლების გადახურვაც ისწავლა. ამ ყველაფერში კი უმცროსი ძმა უდგას გვერდით და ეხმარება.

„მე და ჩემი ძმა მივდივართ და თიხას ჩვენ თვითონ ვიღებთ. არ შეიძლება, რომ კრამიტს ცუდი მიწა შეერიოს. მე უკვე ზუსტად ვიცი, სად უნდა ამოვიღო მიწა. ეს მიწა შემდეგ თიხის საზელ კალოში იზილება. თიხა რომ მოითელება, ვჭრით ყალიბში.  შემოდგომის და ზამთრის პერიოდში კრამიტს არ ვჭრით, რადგან ცივა, ცუდი ამინდებია და გაშრობას ვერ ახერხებს. ძირითადად ზაფხულში ვმუშაობ. მოჭრილი კრამიტი 3-4 დღეში უკვე მშრალია. კრამიტს ბაბუის აშენებულ სახელოსნოში ვჭრით“, – გვიყვება ლაშა.

ყველაზე დიდი პრობლემა კრამიტის რელიზაციაა, რადგან თანამედროვე ცხოვრებაში ისეთი აქტუალური და პოპულარული მასალა აღარაა. ვისაც სურვილი აქვს, თავად მიდის ლაშასთან სახლში და იქიდან მიაქვს. როგორც ლაშამ გვითხრა, ძირითადად ეკლესიებისთვის და რესტორნებისთვის ყიდულობენ. კრამიტი სახლისთვის აღარავის მიაქვს.

ამბავი 16 წლის მეთუნე ბიჭისა

„გული მწყდება, რომ სახლებს კრამიტით აღარ ხურავენ. ბაბუისგან ვიცი, რომ ადრე ჩვენ სოფელში სახლები კრამიტით ყოფილა დახურული. ახლა მხოლოდ რამდენიმე ოჯახს აქვს. ჯერ ერთი, ეკოლოგიურად სუფთა მასლაა და „სუნთქავს“, ამავე დროს ძალიან ლამაზია. ზამთარში სითბოს ინარჩუნებს და ზაფხულში სიგრილეს. კრამიტი ისე იწყობა, რომ ქარი და წვიმა ვერაფერს აკლებს. ერთი კრამიტი დაახლოებით ორ კილომდე იწონის და საკმაოდ მყარია“, – განგვიმარტა ლაშამ.

ოცნებობს, რომ მეთუნეობის ძველი ტრადიცია არასოდეს გაქრეს და მის სოფელში სახლები ისევ ლამაზი, წითელი კრამიტით გადაიხუროს.

„მე ჩემ დადებულ პირობას აუცილებლად შევასრულებ, ამ ტრადიციას არ დავივიწყებ, პირიქით, ვეცდები რაც შეიძლება ბევრ ადამიანს მოვაწონო და დავაინტერესო. თუ ეს საქმიანობა აღდგება ჩვენ სოფელში, ოჯახებს შემოსავალიც გაუჩნდება და სოფელიც წინ წავა“, – ამბობს ახალგაზრდა მეთუნე.

საოცარი პროცესია – შენ თვალწინ იქმნება ხელოვნების ნიმუში. ხედავ, როგორ მღერის თიხა გამოსაწვავ ღუმელში, როგორ ღუღუნებს დაბალ, ქართულ ხმაზე. გულსატკენია, რომ მივიწყებას ეძლევა ეს ძირძველი ტრადიცია...