ისრაელში არსებული ქართული სიმღერის სტუდია და ადგილი, სადაც რეალურად ცხოვრობ

რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ დღეს ისრაელში მცხოვრებ ზურაბ ბერიაშვილს გაგაცნობთ.
Sputnik

„ვაჰ სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა, ყოვლიმც შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ სტირსა, სადაურსა სად წაიყვან, სად აღუფხვრი სადით ძირსა“ – რუსთაველის ეს სტროფი ალბათ ყველაზე უკეთ ქართველ ემიგრანტებს ესადაგება. წმინდა მიწაზე მდგარ მონასტერში აღმოჩენილი შოთას სახეც ალბათ მისივე ნათქვამის დასტურია... ყველამ იცის, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაბნეული ქართველები, სხვა ქვეყნების ემიგრანტებისგან განსხვავებით, ყველაზე რთულად ეგუებიან უცხო გარემოში ცხოვრებას...

ზურაბ ბერიაშვილს ემიგრაციაზე არასოდეს უფიქრია, მაშინაც კი, როდესაც 90-იან წლებში ხშირად უწევდა ევროპაში ჩასვლა. ბევრი ხელობა და პროფესია აითვისა. არის თვითნასწავლი მუსიკოსი, მხატვარი, ხეზე კვეთის ოსტატი, ბიოლოგი, დურგალი, მსახიობი... ამბობს, ცხოვრებაში, მგონი, მარტო რაკეტისა და თვითმფრინავის მართვა არ მიცდია, დანარჩენი ყველაფერი ვცადეო...

ისრაელში არსებული ქართული სიმღერის სტუდია და ადგილი, სადაც რეალურად ცხოვრობ

დღეს ისრაელში არსებული „ქართული ხელოვნების ცენტრის“ დირექტორია და მის მიერ დაარსებულ სტუდია „ცისარტყელაში“ ბავშვებს სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრას და ქართულ სიმღერებს ასწავლის.

– ბატონო ზურაბ, თქვენ დღეს ისრაელის მოქალაქე ხართ, წმინდა მიწაზე როგორ და როდის მოხვდით?

– ისრაელში 20 წელია ვცხოვრობ. აქ ჯერ ჩემი სიდედრი ჩამოვიდა და მერე მე ჩამოვედი ოჯახით. როგორც კი ამ მიწაზე ფეხი დავდგი, ეგრევე, ტრაპიდანვე უკან მიბრუნება მინდოდა, მაგრამ რას ვიზამდი, მარტო არ ვიყავი... 90-იანი წლები იყო, როცა საქართველო დავტოვე, იმ წლებს დღეს ბნელ დროს უწოდებენ, თუმცა ჩემთვის იმ სიბნელეშიც კი ბევრი ნათელი იყო. პირველ ხანებში ადაპტაცია ძალიან გამიჭირდა, უცხო გარემო, უცხო ენა და ტრადიციები, მერე შევეჩვიე...

– თქვენ თვითნასწავლი მუსიკოსი ხართ.

– მე ზურაბ ჩინჩალაძის თაობის თვითნასწავლი მუსიკოსი ვარ. სხვათა შორის, ის აქ გვყავდა მოწვეული. ჩემ ოჯახში თითქმის ყველა მღეროდა. ჩემი უფროსი ძმა ანსამბლ „ლახტის“ ხელმძღვანელი იყო. მე და ჩემმა მეუღლემაც ერთმანეთი კულტურის სახლში არსებულ ანსამბლ „ჰანგში“ გავიცანით. ანსამბლის ხელმძღვანელი ვალენტინა ჯაიანი, თენგიზ ჯაიანის დედა გახლდათ. კარგი დრო იყო, ხშირად გვიწევდა ანსამბლთან ერთად საქართველოს რაიონებში გამოსვლა. აბა, მაშინ უცხოეთში ვინ გაგვიშვებდა?!.

ისრაელში არსებული ქართული სიმღერის სტუდია და ადგილი, სადაც რეალურად ცხოვრობ

– დღეს ისრაელში ქართველ ბავშვებს სიმღერას ასწავლით...

– ჩვენ სტუდიაში ბავშვები სიმღერის გარდა სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრასაც სწავლობენ. მახსენდება, როდესაც ამ სტუდიას ვხსნიდი, მაშინდელ აშდოდის ვიცე-მერს მოშე ბოთერაშვილს ვთხოვე, მუსიკალური ინსტრუმენტების შეძენაში დაგვხმარებოდა, მაგრამ მან, სამწუხაროდ, უარი გვითხრა... სხვა რა გზა მქონდა? – საკუთარი ხარჯებით შევიძინე მუსიკალური ინსტრუმენტები, ხმის გამაძლიერებლები, მიკროფონები. ეს ყველაფერი მანქანაში ჩავდე. ასე დამქონდა ეს ინსტრუმენტები ქალაქ აშდოდიდან ხოლონამდე, 40 კილომეტრის მანძილზე... დღეს ქართველების გარდა რუსი ბავშვებიც არიან ჩვენ სტუდიაში, ჩვენთან ყველაზე საყვარელი, პოპულარული სიმღერაა „შოკოლადის წვიმა“.

– ადრე, თურმე, ბიოლოგიის სფეროში მოსინჯეთ ძალები...

– დიახ, სანამ არეულობა დაიწყებოდა, საქართველოში ბიომეურნეობა – ასოციაცია „ელკანა“ ჩამოვაყალიბე. წარმოიდგინეთ, 90-იან წლებში გადაწყვეტილი გვქონდა, რომ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტები გვეწარმოებინა. ამის გამო გერმანიაში ხშირად მიწევდა სიარული.

ისრაელში არსებული ქართული სიმღერის სტუდია და ადგილი, სადაც რეალურად ცხოვრობ

– ისრაელში ხშირად გიკვეთავენ ნამუშევრებს, მაინტერესებს, ხეზე კვეთაც დამოუკიდებლად აითვისეთ?

– ხეზე კვეთა ჯერ კიდევ მაშინ დავიწყე, როცა საქართველოში მუსიკალური ინსტრუმენტების კომბინატში ვმუშაობდი, იქ პიანინოებს აწყობდნენ, პირველი ჩუქურთმის გამოყვანა ხეზე სწორედ იქ ვცადე. მანამდე ხელით ვმუშაობ, ჯერ ვხატავ, მერე პლასტელინით ვაკეთებ და ბოლოს თაბაშირს ვასხამ. 80-იანი წლების ბოლოს სამხატვრო კერძო კოლეჯში ვსწავლობდი. აქ 50-მდე ნამუშევარი მაქვს დამზადებული, ისინი ძირითადად ბიბლიურ თემატიკაზეა შექმნილი. სამწუხაროდ, გამოფენაზე არასოდეს მიფიქრია. მსახიობობაც მოვსინჯე ისრაელში. აქ ქართული თეატრი იყო, რომელიც არაჩვეულებრივმა ადამიანებმა ნანა დვირმა და ზურაბ ბოთერაშვილმა აშდოდში დააარსეს. როდესაც მათთან დავმეგობრდი, იუმორისტულ სპექტაკლებში ვიღებდი მონაწილეობას. ოღონდ, რატომღაც, სულ ქურდების და კრიმინალების როლებს მაძლევდნენ...

– საქართველოში ხშირად ჩამოდიხართ?

– საქართველოსთან კავშირი არც მე და არც ჩემ შვილებს არ გაგვიწყვეტია. ჩვენ იქ სახლებიც გვაქვს და სოფელიც. ჩემი შვილები ივრთიზე საუბრობენ, მაგრამ მე არა. დამიჯერებთ, რომ 20 წელია აქ ვარ და ენა არ ვიცი, რომ ამბობენ, გაქცეულს თუ მოვაბრუნებ და ეგაა. სამშობლო ჩემთვის ყველაფერია, პირველ რიგში, ის სითბო და მოგონებები, რასაც სულ თან დავატარებ. ჩემი მეუღლე ხშირად ასე ამბობს – ჩვენ აქ კი არა, საქართველოში ვცხოვრობთ, აქ კი მხოლოდ თითო ან ორი წლით ჩამოვდივართ ხოლმეო. ამით, მგონი, ყველაფერია ნათქვამი...