საქართველოს ნაკრების მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს

ტურნირის მეორე დღეს ქართველ მოჭიდავეებს ჩემპიონის კიდევ ორი ტიტულის მოპოვების შანსი აქვთ.
Sputnik

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველმა სპორტსმენებმა ნუგზარ წურწუმიამ და ზვიად პატარიძემ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე (U-23) ოქროს მედლები მოიპოვეს. ჩემპიონატი ამ დღეებში ბუქარესტში (რუმინეთი) მიმდინარეობს.

ფინალურ შეხვედრაში 55 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში წურწუმიამ ვიტალი კაბალოევი (რუსეთი) დაამარცხა 3:2, ხოლო პატარიძემ (-130) – ოსმან ილდირიმი (თურქეთი) 6:5.

აღსანიშნავია, რომ პატარიძემ შეუძლებელი შეძლო. ფინალურ სასტვენამდე სამი წუთით ადრე ქართველი მოჭიდავე თურქ სპორტსმენთან 0:5 აგებდა, მაგრამ თავისი აქტიური მოქმედებებითა და მეტოქის პასიურობით ზედიზედ ექვსი ქულა მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედლის მიღების შანსიც ჰქონდა, მაგრამ ბაკურ გოგოლმა (-77) რუს ისმაილ საიდხასანოვთან 1:6 წააგო.

ქართველმა მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ორი მედალი მოიპოვეს

ტურნირის მეორე დღეს ქართველ მოჭიდავეებს ჩემპიონის კიდევ ორი ტიტულის მოპოვების შანსი აქვთ. 72 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში რამაზ ზოიძე თურქ ჩენგიზ არსლანს შეხვდება, ხოლო გელა ბოლქვაძე (-82) რუმინელ ნიკუ ოჟოგთან იასპარეზებს.

ამას გარდა გიორგი მელიას (-97) ქვეყნისთვის ბრინჯაოს მოტანა შეუძლია.

ახალგაზრდული ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ბუქარესტში 14 ნოემბერს დამთავრდება. 16 ნოემბრიდან კი ასპარეზი თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს დაეთმობათ.