ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ინვესტორებს საქართველო აინტერესებთ

ნორვეგიული ბიზნესისთვის მიმზიდველი საქართველო თავისი საინვესტიციო კლიმატის გამო გახდა.
Sputnik

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. თბილისში ნორვეგიის საელჩოს გახსნა საქართველოში ნორვეგიული ბიზნესის მოზიდვას შეუწყობს ხელს, განაცხადა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იდა ერიქსენ სორაიდემ ოსლოში ქართველ კოლეგასთან დავით ზალკალიანთან შეხვედრისას.

დავით ზალკალიანი ნორვეგიას სკანდინავიური ტურნეს ფარგლებში ეწვია, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის განვითარებას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. საქართველოში ნორვეგიის საელჩოს გახსნა ასევე მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება ნორვეგიული ბიზნესისთვის საქართველოში შემდგომი ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით“, – განაცხადა ერიქსენ სორაიდემ.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს ნორვეგიისა და საქართველოს გამორჩეულ ურთიერთობებს. მინისტრებმა უაღრესად დადებითად შეაფასეს ნორვეგიის მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოში ამ ქვეყნის საელჩოს გახსნის თაობაზე.

ნორვეგია საქართველოში საელჩოს გახსნის >>

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო თავისი საინვესტიციო კლიმატით, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვისა და ბიზნესის საქმიანობის პირობებით საინტერესო და მიმზიდველი ადგილია ნორვეგიული ბიზნესისთვის. 

ერიქსენ სორაიდემ აღნიშნა, რომ ეს არის ის ფაქტორები, რასაც მსხვილი ნორვეგიული კომპანიები აქცევენ ყურადღებას და საქართველო ამ მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებს.

ნორვეგია საქართველოს ეროვნული გვარდიის რეფორმირებაში დაეხმარება

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უმსხვილესი ნორვეგიული კომპანიის Clean Energy Group-ის მიერ საქართველოში ენერგეტიკის სექტორში განახორციელდა ინვესტიციები და ნორვეგია დაინტერესებულია ამ მიმართულებით შემდგომ თანამშრომლობაში.

საქართველოსა და ნორვეგიას შორის 2017 წლის სექტემბრიდან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება მოქმედებს. სკანდინავიურ ქვეყანასთან საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2017 წელს 13,2 მილიონი დოლარი შეადგინა. 2018 წლის მეორე კვარტალში ნორვეგიული კომპანიების ინვესტიციებმა 6,2 მილიონი დოლარი შეადგინა.

გასულ კვირაში ნორვეგიის საგარეო უწყებამ აზერბაიჯანში საელჩოს დახურვის და თბილისში დიპლომატიური მისიის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. ქართული დიპლომატიური წარმომადგენლობა ნორვეგიაში 2012 წელს გაიხსნა, ხოლო საქართველოს ჯერჯერობით ბაქოში მდებარე საელჩო ფარავს.

საქართველოსა და EFTA-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ძალაში შევიდა >>

ნორვეგიასა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებზე პასუხისმგებელი იქნება თურქეთის საელჩო, რომელიც ანკარაში მდებარეობს.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებული განცხადების მიხედვით, ბაქოში სამეფოს გენერალური საკონსულოს გახსნა იგეგმება.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ორშაბათს, 12 ნოემბერს ხელი მოაწერა განკარგულებას შვედეთში, ნორვეგიასა და ფინეთში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ადიშ საკიტ ოღლუ მამედოვის გაწვევის შესახებ.