„ერთი სნაიპერი შენზე ალალია" - ვინ ემუქრება ნინო ლომჯარიას

სახალხო დამცველის განცხადებით, მან შსს-ს შესაბამისი მასალები მიაწოდა.
Sputnik

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სამი საათის განმავლობაში დაკითხვაზე მას შემდეგ იმყოფებოდა, რაც მან შინაგან საქმეთა მინისტრს მისი მისამართით გამოთქმულ აგრესიაზე რეაგირება სთხოვა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

მუქარა ზურაბიშვილის მისამართით: შსს-მ გამოძიება დაიწყო>>>

სახალხო დამცველი დაცვას ითხოვს, რამდენადაც მან სმს-შეტყობინება მიიღო, რომელიც სიცოცხლის ხელყოფის პირდაპირ მუქარას შეიცავს.

„ერთი სნაიპერი შენზე ალალია", - ასეთი იყო ლომჯარისთვის გაგზავნილი ერთ-ერთი შეტყობინების შინაარსი.

სახალხო დამცველის სიტყვებით, მან შსს-ს შესაბამისი მასალები მიაწოდა. ლომჯარია დაკითხეს და ოქმი შეადგინეს.

ზურაბიშვილი: შვილების მოკვლით მემუქრებიან

„განვაცხადე, რომ ჩემი სურვილია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაატაროს პრევენციული ღონისძიებები. ეს არის გარკვეული ჯგუფი ადამიანების, რომლებიც თვითორგანიზებას ეწევიან, აცხადებენ, რომ უნდა ორგანიზდნენ სახალხო დამცველის წინააღმდეგ. რამდენად რეალურია, ეს ალბათ შს სამინისტრომ უნდა დაადგინოს", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი შეტყობინებების თაობაზე ისაუბრა ორშაბათს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი სიტყვებით, ზურაბიშვილისა და მისი შვილების მისამართით მუქარის შემცველი სიტყვები გაჟღერდა - „შუბლს გაგიხვრიტავ", „თქვენს სისხლს დავლევ!". ზურაბიშვილის განცხადებით, მუქარის ავტორები "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული სამხედრო პირები არიან. შსს-მ მუქარის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა „მუქარისა" და „კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის" მუხლებით.