თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp კიევიდან თბილისის მიმართულებით რეგულარულ რეისებს 23 დეკემბრიდან შეასრულებს, აღნიშნულია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.
SkyUp 2019 წლის 30 მარტამდე თბილისში კვირაში ორჯერ იფრენს - ხუთშაბათობითა და კვირაობით. რეისს საჰაერო ხომალდი Boeing B737-800 შეასრულებს.
შესაბამისი ნებართვა SkyUp-მა ქართული მხრისგან 12 ნოემბერს მიიღო.
SkyUp Airlines უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც 2016 წელს დაარსდა და ფრენები 2018 წლის მაისში დაიწყო. მისი ბაზა იგორ სიკორსკის სახელობის საერთაშორისო აეროპორტ „კიევშია".